ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამის შესახებ მათ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შედეგების შესახებ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრეს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია მთელი ევროპის უსაფრთხოებისგან. კოშტას თქმით, ევროკავშირის მიზანია სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევა უკრაინის რეფორმების მხარდაჭერით და უკრაინის ევროკავშირში შესვლის წინაპირობების შექმნით.
„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა რეფორმებს შთამბეჭდავი ტემპით ატარებს, ამიტომ ახლა დროა, გავააქტიუროთ ჩვენი მუშაობა და წავიწიოთ წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნა კოშტამ.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა რეფორმებს ომის პირობებშიც ახორციელებს.
„განუწყვეტელი ცეცხლის პირობებში უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე მიყოლებით იღებს. სწორედ ამიტომ ევროკომისია მხარს უჭერს მოლაპარაკებების პირველი ნაწილის გახსნას. უკრაინამ თავისი დავალება შეასრულა, ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ. გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, უკრაინა იმსახურებს წინსვლას“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
