როდის შეწყვეტს რუსეთი ადამიანების მკვლელობას?, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
„ეს არის ის, რასაც რუსეთი გულისხმობს, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს? როდის შეწყვეტს რუსეთი ადამიანების მკვლელობას? როდის დათანხმდება პრეზიდენტი პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რომელზეც თანხმობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა?“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსიც გამოეხმაურა.
„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს. დღეს, პენსიის მისაღებად რიგში მყოფი 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დარტყმების ესკალაცია ადასტურებს, რომ მოსკოვს ომი სურს და არა მშვიდობა. მაგრამ, უკრაინის კურსი განსაზღვრულია: ევროკავშირში გაწევრიანება, თავისუფლება და ევროპა“, – აცხადებს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.




