ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ს შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი მომავალშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს.
„კონტრაქტის გახანგრძლივება, დიდი ხანია, განიხილება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მსურს, რადგან პირობები სპორტული დირექტორის საქმეა. კვარა ძალიან მონდომებულია და გუნდისთვის აკეთებს იმას, რასაც ვთხოვთ.
ვიმედოვნებ, ყველაფერი მოგვარდება და შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველასგან მოვითხოვ, სეზონის ბოლომდე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. შეთანხმების დეტალებში ვერ ჩავერევი“, – ამბობს კონტე.
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით იტალიური გამოცემა „არეა ნაპოლიც“ წერს:
„ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველს ისევ იწვევს და წელიწადში 11 მილიონ ევროს სთავაზობს, როდესაც იტალიელები – მხოლოდ 6 მილიონს.
„ხვიჩასა და კლუბს შორის ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეა. მოლაპარაკება, დიდი ხანია, გრძელდება. ეს გარკვეულ დაძაბულობას ქმნის, რასაც ანტონიო კონტეს განცხადებებიც ხელს უწყობს. თუმცა შეიძლება, უახლოეს საათებში დიდი ხნის ნანატრი შემობრუნება დაიწყოს. ნეაპოლში ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ჩამოდის და კლუბთან კონტრაქტის საკითხს განიხილავს. ამ დროს, შაბათს „სტადიო მარადონაზე“ „ლეჩესთან“ მატჩში კონტემ, შესაძლოა, კვარაცხელია სკამზე დასვას და მის ადგილზე ნერეში ათამაშოს“.
Sky-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მოდუნო კი სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ ჯუღელი კლუბის პრეზიდენტს არ შეხვდება. ფრანგული კლუბის 11-მილიონიანი წინადადებაც მან გააჟღერა: „არ ვფიქრობ, რომ ამ დღეებში კონტრაქტის გახანგრძლივება განიხილონ. ქართველის აგენტი ნეაპოლში ფეხბურთელთან შესახვედრად ჩამოვა, თუმცა კლუბთან შეხვედრა არ იგეგმება. რეალურად, მოლაპარაკება პირობებზეა. პსჟ კვარაცხელიას წელიწადში 11 მილიონს სთავაზობს. ამის ფონზე მოთამაშის მოთხოვნა ხელფასის გაზრდაზე ლოგიკურია“.
პირველი არხი