ანტიკორუფციული ბიურო, რომლსაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დაკომოკიდებულებაში ადანაშაულებენ, საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს.
„აღნიშნული შესყიდვის მიზანია სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გაშუქება. ასევე უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას“, – აცნობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შესყიდვების სააგენტოს.
ბიუროში მიაჩნიათ, რომ Facebook საქართველოში უალტერნატივო სოციალური ქსელია, რადგან სტატისტიკურად მას ყველაზე მეტი ადამიანი მოიხმარს.
2022 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო. სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ბიუროს ხელმძღვანელმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადების შემდეგ კი უწყების ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.
ამ დრომდე მედია არ ფლობს ინფორმაციას, იკვლევს თუ არა ბიურო კორუფციულ რისკებს და რომელ სახელმწიფო უწყებებში.