ანტიკორუფციული ბიურო უქმდება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა აუდიტის სამსახურს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
11 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ინფორმაცია თანამშრომლებს გუშინ თათბირზე მიაწოდეს. თუმცა უწყებამ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის. როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი“, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებთან.




