ანტიკორუფციული ბიურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ არ გამოუქვეყნებია, სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შემდგომში – TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შესაბამისი პროცედურების დაცვით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia.
რაც შეეხება TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის სიცრუე და დეზინფორმაცია, კერძოდ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე. https://declaration.acb.gov.ge/.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც გულისხმობს 2 -თვიან ადმინისტრაციულ წარმოებას კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კი, დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. აღნიშნული 2 – თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დეკლარაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, პუნქტი 12: „თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1 თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1 თვიანი პერიოდის ან 1 თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.
მოვუწოდებთ, ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას!”- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს.
