ანტვერპენში (ბელგია) ავტობუსით მგზავრობისას, 38 წლის მამაკაცმა 76 წლის მამაკაცი დანით მოკლა, მეორე კი დაჭრა. დაკავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ არის საქართველოდან დევნილი. დაკითხვისას მას ქართველი თარჯიმანი ახლდა.
17 ივნისს, დღის ორი საათისთვის, ეჭვმიტანილი N36 ავტობუსში ავიდა. მგზავრობისას ის მოულოდნელად თავს დაესხა მოხუცს და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. მეორე მამაკაცი, 63 წლის, შეეცადა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც დარტყმა მიიღო. მისი ჭრილობა სასიკვდილო არ არის. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გაჩერებული ავტობუსიდან ჩავიდა, ასფალტზე დაწვა და პოლიციას ჩაბარდა.
დასავლური მედია წერს, რომ გაუგებარია, რატომ დაესხა თავს მამაკაცი სრულიად უცხო მგზავრებს, უმიზეზოდ და წინაპირობის გარეშე. მომხდარმა იმდენად იმოქმედა ავტობუსის მძღოლზე, რომ ის სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს.
რამდენიმე საათით ადრე ეჭვმიტანილი ჩანს ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე მაღაზიის კამერებზე. მაღაზიიდან პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სასმელები მოჰპარეს. „Vrt news-ი“ წერს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა დახლიდან ორი „red bull-ი“ აიღო, მაგრამ გადახდაზე უარი განაცხადა. მაღაზიის მეპატრონეს ინგლისურად უთხრა, ფული არ მაქვს და დაურეკე პოლიციასო. იქვე მდგომმა სხვა მომხმარებელმა ამგვარი საქციელის გამო შენიშვნა რომ მისცა, აგრესიული პასუხი მიიღო: „რა პრობლემაა, ჩხუბი გინდა?“ მაღაზიის მეპატრონე იხსენებს, რომ მამაკაცი გაღიზიანებული იყო და უცნაურად იყურებოდა.
ჯერჯერობით გაუგებარია, აქვს თუ არა ეჭვმიტანილს რამე მენტალური პრობლემა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ არის ტერორისტული თავდასხმის შემთხვევა.
17 ივნისს N36 ავტობუსის მძღოლებმა დროებით უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე, რადგან ეს პირველი კრიმინალური შემთხვევა არ არის ამ მარშრუტის ავტობუსებში. „The brussels times-ი“ წერს, რომ უფრო ადრე იყო ვანდალიზმის, მძღოლზე თავდასხმის, ცეცხლის წაკიდების და სროლის შემთხვევებიც.
ფორუმი
