რეჟისორ ანკა გუჯაბიძის ფილმი “თემო რე” ჰოლანდიაში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებული გახდა და, ამასთან, დაჯილდოვდა ჰოლანდიელი კინოკრიტიკოსების საგანგებო პრემიით.
“თემო რე” არის მსახიობის და მწერლის, თემო რეხვიაშვილის სადებიუტო რომანის, “კურიერის ამბების” ეკრანიზაცია, რომელიც ეფუძნება შავ-თეთრი ფოტო მონტაჟის ფორმატს და აერთიანებს როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური კინოს ელემენტებს. ამ, ტრაგიკომიკური სიუჟეტის ფილმში მთავარ როლს თავად თემო რეხვიაშვილი ასრულებს – მისი პერსონაჟი, თემო, პროფესიით მსახიობია, თუმცა ხელმოკლეობის გამო კურიერადაც უწევს მუშაობა. თემო ერთი დღის განმავლობაში თბილისში მოპედით გადაადგილდება, და საღამოს გარეუბნის ერთ-ერთ თეატრში მთავარ, უფლისწულის როლსაც ასრულებს ისტორიული შინაარსის სპექტაკლში. დღის განმავლობაში განცდილი და ნანახი სიღარიბის, უსამართლობის, კორუფციის და გაუცხოების სურათები ფილმის ფინალში თემოს დამზაფვრელ ხილვაში გადაიზრდება.
დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმის ავტორებმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ილაპარაკეს. “საქართველოში არსებული ვითარება კატასტროფულია. რუსეთს იმპერიალისტური მისწრაფებებით საქართველოს კონტროლი სურს, ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა. ჩემი და თემოს მსგავსი ადამიანები ახლა ციხეში არიან და მათ წლების განმავლობაში ემუქრებათ პატიმრობა. ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს” – თქვა რეჟისორმა, ანკა გუჯაბიძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.
“თემო რე” გადაღებულია საპროდიუსერო კომპანიის და ოფიციალური დაფინანსების გარეშე. ბოლო ეტაპზე ავტორებმა საზოგადოებას მიმართეს დახმარების თხოვნით – საბოლოო მონტაჟის და ხმის კორექციისთვის თანხა სოციალური მედიით შეგროვდა.
