ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, თვალი გაუსწორონ რეალობას, რომ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით რეპრესიულ რეჟიმს აყალიბებენ.
ასე უპასუხა მან ევროსკოპის კითხვას საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებების შესახებ.
ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ EU ეწინააღმდეგება ძალადობის ყველა ფორმას და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ძალადობის ესკალაცია.
“საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიულობაში და შენს ქმედებებში, აღარ მიგაჩნია საჭიროდ შენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ამასთან, ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია”, – ამბობს ის.




