დეპუტატი თეონა აქუბარდია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვასა და ამ მიზნით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს. აქუბარდია ამბობს, რომ კომისიის სხდომა წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა.
ხელისუფლების ოპონენტები აუცილებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი რეზოლუციაც მიიღოს და ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცეს.
“ვთავაზობ ბატონ გია ვოლსკის, ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარეს, იქ სადაც ჩვენ ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად ვართ წარმოდგენილი, გამართოს შეხვედრა წელიწადზე მეტია კომისიის სხდომა არ ჩატარებულა და ვიმსჯელოთ იმ პროცესებზე, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში, იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც გამალებით მიმდინარეობს და ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური შეფასება ამ პარლამენტმა, მიუხედავად პოლარიზაციისა, შეძლოს, იმიტომ, რომ როდესაც საუბარია საქართველოს მთავარ ეროვნულ ინტერესზე, ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, აქ დაყოფა, გაძალიანება და იმის თქმა, რომ რადგან შენი რეზოლუციაა მე ამას არ განვიხილავ, კიდევ ერთხელ არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – ამბობს აქუბარდია.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების “რატიფიცირება” მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.
ე.წ. პარლამენტი მალე დაიწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ათას აპარტ ჰოტელის სტილის ბინების აშენებას, რომელიც სულ მცირე, 60 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი, გამორიცხული არაა ეს რიცხვი გაიზარდოს. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ბინებს ძირითადად რუსები იყიდიან.
გარდა ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს ოჩამჩირის პორტში, რომლის გამოყენებაც რუსეთს მუდმივი სამხედრო ფლოტის განსათავსებლად უნდა. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ადასტურებს, რომ ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ შესაძლოა რუსული სამხედრო ხომალდები უკვე რამდენიმე თვეში მიიღოს.