2 მაისს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოების და ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ უკრაინული დრონების სამიზნე იყო სიმფეროპოლთან მდებარე დაბა გვარდეისკოეში დისლოცირებული სამხედრო ნაწილი და აეროდრომი და სევასტოპოლთან მდებარე დაბა კაჩაში განთავსებული სამხედრო აეროდრომი.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე 04:00 საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით „არანაირი ობიექტები არ დაზიანებულა“. ორი საათის შემდეგ რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დრონებით შეტევის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში გაუქმებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 89 – ყირიმის და 23 – შავი ზღვის აკვატორიის თავზე.
უკრაინას ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი
