ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ანა ჩუბინიძის სარეკლამო თოჯინური ანიმაციური ფილმის „წერილით და სიყვარულით“ საერთაშორისო პრემიერა გაიმართა.
ქართული ანიმაციური ფილმის პრემია „დაკვეთილი ფილმების“ საკონკურსო სექციაში შედგა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ანესიში გამართულ ანიმაციური კინოს ფესტივალის ფარგლებში წელს მეორმოცედ იმართება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ანიმაციის კინობაზრობა MIFA, რომლის ფარგლებში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართული ანიმაციის სტენდი იქნება წარმოდგენილი.
ინდუსტრიული ღონისძიება 10 ივნისს გაიხსნება და 13 ივნისამდე გაგრძელდება. კინობაზრობის ფარგლებში „საქართველოს ანიმაციის ასოციაციის“ („საქანიმა) და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს გამართავენ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან.
