ანდრო ხელაძე: ყველამ გაიტანოს და ხვიჩამ ვერა? ეგრე რად გვინდა?

ფეხბურთის კომენტატორი ისტორიული  ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში წერს:
რეისი იგვიანებსო, ალბათ ეგ გვითხრა 3 სხვადასხვა ენაზე სტიუარდესამ.
არცერთი სიტყვა გამიგია, ეგენი ისე ლაპარაკობენ, როგორც ექიმები წერენ, მაგრამ ლოგიკურად ისედაც მივხვდი რომ იგვიანებდა – დაახლოებით 40 წუთი იყო გასული, რაც ყველა ადგილი შეივსო, მაგრამ თვითმფრინავი არ იძვროდა, ცხადია იგვიანებდა…
ტექნიკური მიზეზიაო – ვახ, ისეთი მიზეზია, ვერც მივხვდი რა გამეწურა – წასვლა თუ დარჩენა?
კაი ჰა, გავფრინდით, მაგრამ გზაში მიხვდნენ, რომ ვერ გადაიჭრა ეგ ტექნიკური პრობლემა, მერე სად მივდივართ? არადა თუ დავრჩებით, შეიძლება ხვალამდე ვერ გავფრინდეთ…
სანამ მე ვერ ჩამოვყალიბდი, რისთვის მეგულშემატკივრა – ტექნიკური პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ახალი დაბრკოლება უმალვე გამოჩნდა – ბავშვი.
ბავშვი აცხადებდა სასტიკ უარს ღვედის შეკვრაზე და მაგიტომ ვერ მივფრინავდით…
ჯერ დედა შეეხვეწა, მერე მამა, მერე რიგ-რიგობით გავატრიალეთ უკან თავი, ხან შეწუხებული სახით, ხან ღიმილიანით, ხან გაბრაზებული – ბავშვი ისევ უარზე იყო.
პოლიცია გამოიძახეს და ბორტიდან მთელი ოჯახი მიაბრძანეს.
სანამ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა თუ იმ ბავშვის დედ-მამა, მივხვდი მაგათი გასტუმრებიდან კიდევ 40 წუთი იყო გასული, თვითმფრინავი კი მაინც არ იძვროდა.
ამჯერად რა მოხდა? საწვავი გაგვითავდაო, გადაგვითარგმნა ერთადერთმა ქალმა ჩვენს არეალში, ვინც ინგლისური იცოდა.
ამ დროს უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ვინ დამთარსა, ბოლო პერიოდში ცრურწმენებს დავუმეგობრდი და მიზეზს ისევ საკუთარ თავში ვეძებდი – ვიღაცამ დამთარსა, არა რა, იმისთვის არ უნდა მეთქვა… უეჭველი შეშურდა და აჰა – მეც ვერ მივდივარ… მაგრამ, კაი ჰო, როდესმე ხო აფრინდება…
არა! არ აფრინდება – მოულოდნელად ერთ-ერთმა მგზავრმა გადაწყვიტა, რომ წამოსვლა აღარ სურდა და წავიდა, ოღონდ თან ჩანთა არ გაუყოლებია, რაც იმას ნიშნავდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, აბსოლუტურად ყველა მგზავრის ჩანთა უნდა გაეჩხრიკათ, რათა მგზავრის ტერორისტობა და ძალით დატოვებული რაიმე საეჭვო ნივთი, გამოერიცხათ…
დაიწყეს ჩანთების შემოწმება, გვერდით ვიყურები და ვიღაც გოგო ცეკვავს, აი დაახლოებით ისე, Squid Game-ში სასიკვდილო თამაშის წინ, ცხენების ატრაქციონზე რომ ერთობა ორი ჭკუამხიარული.
ვიდეო გადავუღე.
ცხადია დაინტერესდა, მეთქი რამე სარგებელი მაინც ხო უნდა მივიღო ამ გაჭირვებაში – ინტერნეტი დამიჰოთსფოთე და ჩაგიგდებთქო, ძაან ცნობისმოყვარე აღმოჩნდა და ჩამირთო.
კიდე კაი ჩამირთო… კიდევ ნახევარი საათი იქ ვიყავით, ეკიპაჟიც გამოცვალეს, სმენა დამთავრდაო. საბოლოოდ, 3 საათ-ნახევრის მერე გავფრინდით. ეს დრო საკმარისი აღმოჩდა იმისთვის, რომ ბიძაჩემი მთელი ბორტის საყვარელი იუმორისტი გამხდარიყო. ჩვეულებრივი სთენდ აფი ჰქონდა, 4 სხვადასხვა ენაზე, ილო ბეროშვილს შეშურდებოდა, პრაიმში.
ვინც აქამდე ვერ მიხვდით, მიუნხენში მივფრინავდი – ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად. იქამდე ლიგის ფინალზე არასდროს ვყოფილვარ, მეტიც – ვერც წარმოვიდგენდი თუ როდესმე მოვხვდებოდი.
ბოლო იმედი მაშინ გადამეწურა პრესინგის ფინალი რომ წავაგე, მაგრამ ბიძაჩემმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზედმეტად კარგი ადამიანია და ისეთი საჩუქარი გამიკეთა, მთელი ცხოვრება რომ მემახსოვრება.
ფინალიცაა და ფინალიც, ჩემი პერსპექტივიდან “ფარით ან ფარზე”-ს დავარქმევდი – ალიანს არენაზე ან ჩემი საყვარელი ფეხბურთელის ტრიუმფს ვნახავდი ან ინტერის ჩემპიონობას. ან ყველაფერი ან არაფერი. კარგი და ცუდი სცენარი ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა ჩემს გონებაში, თვალდახუჭული მეშვიდასედ რომ ვხედავდი კვარას გოლს, მაგ დროს ჩავფრინდი… როგორც იქნა!
მიუნხენი მყუდრო ქალაქია, მე ყველაზე მეტად ჭკვიანმა ესკალატორებმა აღმაფრთოვანეს. ორმხრივი იყო – ზემოდან მიადგებოდი, ჩაგიყვანდა, ქვემოდან ახედავდი, აგიყვანდა. ვარჯიშზე კენტად დარჩენილ ფეხბურთელს გავდა, თამაშის დროს ორივე გუნდს რომ უკეთებს პასებს. ჯიგარი.
ვინც არ იცით, მე იმ 3 კაციდან ერთ-ერთი ვარ საქართველოში, ვისაც ლუდი არ უყვარს, მაგრამ სამაგიეროდ სადაც ჩავდივარ იქაური ქუდის დახურვა მიყვარს, ხოდა ფრანცისკანერს დავუმუღამე, ტაბსონას ვერსიით მსოფლიოს ტოპ 3 ლუდში მყოფს.
ლუდზე მეტად, შნიცელმა და ლუდს რომ უხდება, ეგეთმა საჭმელებმა გამისწორეს.
ქალაქში მთავარი ადგილი მარიენპლაცია, მეტროდან ამოსვლის მერე ეგრევე უზარმაზარი ციხესიმაგრე და ძალიან ბევრი ინტერისტა დავინახე.
გადაშავლურჯებული იყო იქაურობა, ერთმანეთის მონაცვლეობით მღეროდნენ შეძახილებს, რომლებიც ზეპირად ვიცოდი, მაგრამ აყოლა არ მინდოდა.
ისედაც ძალიან ვნერვიულობდი და განსაკუთრებით მას მერე, რაც ქუჩაში გერმანელზე მეტი ინტერისტა მხვდებოდა. როგორც წავიკითხე, 40.000-ზე მეტი ადამიანი ჩაფრინდა მილანიდან მიუნხენში, პარი სენ ჟერმენის ქომაგები კი არსად ჩანდნენ, რამდენიმე გამოივლიდა შიგადაშიგ – მივაძახებდი ისი სეე? მპასუხობდნენ – პაღიიი, სანამ ინტერის ტიფოზების მორიგი შეძახილი არ გადაფარავდა ჩვენს მოკლევადიან გასაუბრებას.
თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე სტადიონთან ვიყავი, მაგრად ცხელოდა, მე კიდევ ჟაკეტით ვიყავი, რადგან პარი სენ ჟერმენის მაისური არ მქონდა, ჟაკეტი კი. ჩემი სახე უფროდაუფრო წითლდებოდა და ნელ-ნელა ვიაზრებდი რას გრძნობს ნაყინი, როცა მზეს შეუშვერ…
აშკარად სჯობდა ერთი გაჩერებით უკან წავსულიყავით და თამაშამდე რამდენიმე კათხაც დაგველია.
წავედით, შევუკვეთეთ ლუდი, გვერდით გავიხედეთ და… ისევ ინტერისტები. ამჯერად კომუნიკაციაში თავად შემოვიდნენ და როცა ანდრეა სტრამაჩონი ვახსენე, თავისიანი ვეგონე, კი ხარ ქართველი, მაგრამ იმდენი იცი ინტერზე, უეჭველი ჩვენიანი ხარო… მეთქი, დამიჯერეთ არ გესიამოვნებათ, იმის გაგება სინამდვილეში ვინ ვარ… გაიგეს.
ბიძაშვილურად მომიდგნენ.
ერთ-ერთს განსაკუთრებით სურდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ იტალიურის გარდა სხვა ენა არ იცოდა, მოვიდა, წინ დამიდგა და ჟესტების დახმარებით მეუბნება: “კვარაცხელია? ნოუ, მილან? ნოუ, ინტერ ტოპ!”.
თავიანთი თვითკმაყოფილებით ცოტა თავი მომაბეზრეს და ზუსტად მაგ დროს, საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა, მხითარიანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, პროფესორს ვეძახიო.
აუ, მეთქი სომხებმა ეგ რომ გაიგონ, თქვენ არ იცით, რა მაგრად გაუსწორდებათთქო…
კვარა მაგარია, მაგრამ წელს თასი ჩვენია, შემდეგ წელს თუ ენდომება მოგება, ჩვენთან გადმოვიდესო.
მეთქი კი, აუცილებლად… ერთადერთი ოცნება დარჩა აუხდენელი, აი ინტერშიც ითამაშებს და კმაყოფილი იქნებათქო…
ამასობაში სტადიონისკენ მიბრუნების დროც დადგა, ალიანს არენა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ დროის გამო, ჯერ არ კაშკაშებდა, შესაბამისად პირველ დანახვაზე ეგეთი ეფექტური არ იყო, მაგრამ დროშის ზურგზე შემოხვევა და სიამაყით სიამოვნების მიღება, მაინც მომანდომა.
ბიძაჩემი მეუბნება – შენ მოწყვლადი სახე გაქვს და მაგიტო გემართებაო, არ ვიცი, შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ ფაქტია, სულ მე მომდის ეგეთები. მაშინ, როცა იქაურობა ესპანეთის, ბრაზილიის, თურქეთის და სხვა ქვეყნის დროშებით სავსე იყო, კონტროლიორი მაინცდამაინც ჩემთან მოვიდა და გარდერობისკენ მიმითითა, დროშას ვერ შეგატანინებთო. ანუ გვერდით, ჩინელს ეჭირა საქართველოს დროშა და მე თურმე გარდერობში უნდა დამეტოვებინა.
მაგ ჭკუაზე ვიყავი ზუსტად. მაგისთვის წამოვიღე საქართველოდან რომ გარდერობში დამეტოვებინა. ერთი წრე დავარტყი, თავიდან მივედი ჩემი მოწყვლადი სახით და ჟაკეტში დამალული დროშით – შემიშვა.
ალიანს არენა შიგნიდან კიდევ უფრო მომეწონა, წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო და არც საპირფარეშოსთან, არც ჰოთდოგის ან უალკოჰოლო ლუდის ჯიხურთან, რიგი არ ყოფილა. ჰა-ჰა 10 კაციანი.
დროშა ბანერივით გადავფინე, ხელში დაჭერას და ქნევას, სჯობდა იქ მყოფ ქართველებს დაენახათ ჩვენი დროშა და ისე გახარებოდათ, როგორც მე მიხაროდა, სხვა ხუთჯვრიანი დროშების დანახვა.
გვერდით ბრაზილიელი მამა-შვილი მეჯდა, ფლამენგოს და ვასკო და გამას გულშემატკივრები.
რომ გაიგეს ქართველი ვიყავი, ისე გაუხარდათ, თითქოს ვიღაც თავისიანი იპოვნეს.
ამ ფინალში პარი სენ ჟერმენისკენ ვართ და კვარაცხელია ძალიან გვიყვარსო, შვილს MMA-იც ყვარებია, ცოტა დაიწუწუნა რაღა ჩარლზ ოლივეირას ხვდება თოფურიაო…
ჯერ პარიზელების ჰიმნი ჩართეს, მელოდია ზეპირად ვიცი, მაგრამ სიტყვები ვერ დავამუღამე, სამაგიეროდ ანრის და მაიკა რიჩარდსს ცოდნიათ ზეპირად, დიდ ეკრანზე ჩანდა როგორ დახტოდნენ და იმდენად ორგანული იყო, ჩვენც ავყევით.
მერე Inter ჩაირთო, სულ სხვა ჟანრის და ემოციის მქონე სიმღერა, მართლა ბიძაშვილები არიან, არც ზიზღი, არც აგრესია – გული ამიჩუყდა, რომ წარმოვიდგინე რამდენი წელი იყვნენ ჭაობში, რამდენი წელი ოცნებობდნენ ამ დღეზე… თან ფრანგულისგან განსხვავებით, იტალიური იმ დონეზე მაინც მესმის, იმას მივხვდე რაზე მღერიან და როგორ…
მოკლედ. კიდევ კარგი მალე გამოირთო, თორემ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი…
ლინკინ პარკი არც იმათ გაუსწორდათ, ჩესტერის გარეშე საერთოდ ვერ წამოიღო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენამ ყველაფერი დაგვავიწყა, ცოცხლად შესრულებულს სხვა გემო ჰქონია.
დაიწყო თამაში და ინტერი სადღაც გაქრა.
არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელი, არც ის ფანები, რომლებიც 2 დღის განმავლობაში ატერორებდნენ მიუნხენს. არავინ ჩანდა, არავის ხმა ისმოდა – მხოლოდ პსჟ.
პარი სენ ჟერმენი კი შოუს დადგმას აპირებდა და ეს თავიდანვე დაეტყო. პირველი გოლის მერე, წამი არ ყოფილა ისეთი, რომელმაც ამანერვიულა – ყველაფერი დაწერილი იყო, მიუნხენში ახალი ჩემპიონი იბადებოდა.
მესამეც გაიტანეს, აღვნიშნეთ და ერთმანეთს გადავხედეთ. მივხვდით, რომ კი ძალიან მოგვწონდა დეზირე დუეს თამაში, მაგრამ ეგრეც აღარ გვიხაროდა, ის რასაც თამაშის დაწყებამდე ხელს მოვაწერდით, უკვე დიდად აღარ მოგვწონდა. ყველამ გაიტანოს და ხვიჩამ ვერა? ეგრე რად გვინდა? ერთმანეთს ვამშვიდებდით, პირველ გოლამდე ხვიჩამ გაამწვავა, იქ კარგი პასი გააკეთა, იქ დაცვას მიეხმარა მაგრად… მაგრამ, თავს ვიტყუებდით. ვერც მე, ვერც ვახო, ვერც ხვიჩა და ვერც ლუის ენრიკე ბოლომდე ვერ გაიხარებდა, თუ ამდენი გოლიდან, ერთიც არ იქნებოდა კვარასი. ამიტომაც, როცა ბარკოლამ არა კვარა, არამედ დუე შეცვალა, მეორე და მესამე გოლებზე მეტად ეგ გაგვიხარდა.
და ის წამიც დადგა… დემბელემ მიიღო, კვარას გაუყოლა და უკვე მივხვდი რაც ხდებოდა. საკუთარი თავის მომზადება ვცადე, რომ არ წავქცეულიყავი ან ხმა ბოლომდე არ დამეკარგა… არაფერი გამოვიდა. ბურთი ბადეში, ვახო მოაჯირზე, მე უსაზღვრო ეიფორიაში, ბრაზილიელი მამა-შვილი ჩემს თავზე – რაც მაქვს, ყველაფერს გადავიხდიდი, ეგ მომენტი ვინმეს რომ გადაეღო.
ხმის ჩაწყვეტა იქამდე მოვასწარი, სანამ დიქტორი ხვიჩას გვარს სამჯერ დაგვაყვირებინებდა. ბოლო ამოყვირებაზე დარჩენილი ხმაც დავკარგე და დანარჩენ 20 წუთს დაmuteბულმა ვუყურე.
ერთდროულად 7000 ემოცია დამეუფლა.
წამებში რომ გახსენდება ყველაფერი, ის დღე, როცა კვარას შესახებ გავიგე, მერე ესპანეთს რომ გაუტანა, ნაპოლიში ტრანსფერი რომ გაოფიციალურდა, ვერონასთან სადებიუტო გოლი, ატალანტა, იუვენტუსი, ლივერპული… წლევანდელი ასტონ ვილა… ყველაფერი, რა გზა გაიარა უბნის მოედნიდან, ალიანს არენამდე. ემოციებით სავსე ვიყავი, თითქოს საპნის ბუშტში მქონდა დაგროვებული ეს ყველაფერი და ჩხვლეტისას, გავსკდებოდი – ვინც მოესწრო რა დღეში იქნება, ვინც ვერ მოესწრო? ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა ქართველმა!
რომ გამოვფხიზლდი, ბრაზილიელები მილოცავდნენ, მართლა არცერთი გოლი ისე არ გახარებიათ, როგორც კვარასი.
ალბათ ჩვენც გვიჯიგრეს, მაგრამ აშკარად თვითონაც ევასებოდათ.
გოლზე არანაკლები ემოცია კი იმ მომენტმა გამოიწვია, დუმფრისს რომ აედევნა, ბურთი წაართვა და დააჯარიმა – ფეხზე წამოხტა ხალხი. გაოცებული სახეები ჰქონდათ, 4-0-ზე ასე ვინ თამაშობს?
ვინ და კვარაცხელია!
ეგ რომ არა, პარი სენ ჟერმენს ისევ ლუზერი გუნდის სახელი ექნებოდა და მეორე დღეს, ჩვენც არ გვაჩუქებდა, ის პარიზელი ძმა სიგარას…
პაბში გაგვიცნო, ან იტალიელები ხართ ან ქართველებიო, ორიდან ერთი ვერსია სწორი აღმოჩნდა.
მეთქი, მე ფრანგული არ ვიცი და თან ხმა არ მაქვს და გეხვეწებით ის შეძახილი წაიმღერეთ… და დაიწყო ამანაც…
Paris SG,
Tous ensemble on chantera,
Cet amour qu’on a pour toi,
Qui ne cessera jamais !
Après tant d’années,
De galères et de combats,
Oh pour toi Paris SG,
On va se casser la voix.
უკანა რეისზე ღვედის შეკვრაზე აღარავის უთქვამს უარი.
ისე ნეტა… ის ბავშვი ხო კარგადაა?

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!