ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“

საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი აცხადებს, რომ „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“.
მისი განმარტებით, ორგანიზება ბრალდებულების მობილური ტელეფონიდან უნდა დადგინდეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, გაგზავნამდე კი მობილური ტელეფონები თავად არ დაუთვალიერებია.
როგორც მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა განაცხადა, ის მხოლოდ ვიდეოების დათვალიერებით იყო დაკავებული.
სასამართლო პროცესზე მან ადვოკატების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის გიორგი ტერიშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ტერიშვილის ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების ამონაწერი ანძებიდან არ გამოუთხოვია.
მოწმეს შეკითხვა დაუსვა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ: „აქვს, თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან?“
მოწმის თქმით, ეს ტელეფონის ექსპერტიზით უნდა დადგინდეს.
„ეს შეიძლება დადგინდეს, ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით. ვალერი თეთრაშვილის პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოუწოდა მოწმეს, რომ იგივე კითხვაზე სხვა დაკავებულების კონტექსტშიც ეპასუხა.
„არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.