თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე მსახიობი გიგა დათიაშვილი აძლევს ჩვენებას.
ის დაცვის მხარის მოწმეა.
სახელმწიფო ბრალდებამ გასულ სხდომაზე დაასრულა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო დღევანდელ პროცესზე ადვოკატები წარადგენენ საკუთარ მტკიცებულებებს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას 4 მსახიობი მისცემს. ისინი საპროტესტო აქციებზე ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულები, გარდა რევაზ კიკნაძისა. ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
