13 წლის შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება – სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს, – ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ, აქციაზე დაკავებული 11 პირიანთა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკა ბესელია აქციაზე დაკავებული 11 პირიან საქმეში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს იცავს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა გადასული, დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს ეკა ბესელიაც. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი, რომ 13 წლის შემდეგ კვლავ მიემართა სასამართლოსთვის, „სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი თავისუფლებაა“.
„13 წლის შემდეგ – ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავს მივეცი, რომ ვიდრე სასამართლო არ იქნებოდა თავისუფალი ვთქვი, რომ არ მივმართავდი არასდროს მოსამართლეს დარბაზში, ვიდრე არ დავინახავდი, რომ ამ მიმართვას ექნება ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სახით. რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება? ამის მიზეზია სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი ის თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის მთავარი მოტივაცია დღეს და მიმაჩნია, რომ ჩემს განწყობაზეც თუ სურვილზე უფრო მაღლა დგას ამ ადამიანების ფაქტორი. ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივაცია. სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს. სამართლებრივი ანალიზი ძალიან ძლიერი გვაქვს. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ დღეს 26 რიცხვია და 26 არგუმენტი მოვუმზადეთ მოსამართლეს და რომ დაფიქრდეს, ყველა მათგანი ცალ-ცალკე საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის. მთავარი, რაც მინდა დავანახო, სრული სურათია, იმიტომ, რომ სამართალი არ იზომება მხოლოდ ვიწროდ და იმ რაღაც კონკრეტული დეტალებით. დიდ სურათში არის დასანახი, რატომ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე არამარტო ამ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ევროპული მომავალიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
