ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე და სხვები კვლავ პატიმრობაში დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის პატიმრობის საკითხი მორიგ ჯერზე გადაისინჯა და უცვლელი დარჩა. მათი ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, პროკურატურა კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
აღკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლოში ყოველ ორ თვეში ერთხელ განიხილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ამჟამადაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ადვოკატების თქმით, გამოძიება დასრულებულია, მტკიცებულებების განადგურებისა და სხვა საფრთხეები (მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება) აღარ არსებობს.
სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება რეზო კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, ამიტომ პოზიცია თავად ბრალდებულმა დააფიქსირა. რეზო კიკნაძემ თქვა, რომ არც მიმალვას და არც განმეორებითი დანაშაულის ჩადენას არ აპირებს, შემდეგ მიმართა მოსამართლეს და უთხრა, რომ ციხის ადმინისტრაციით დაწყებული, ბადრაგით დამთავრებული, მათ ყველა კარგად ახასიათებს.
„ნაკაშიძე მგონია თავი “თეთრი ბაირაღებიდან”… გთხოვთ, როცა გადაწყვეტილების მიღებას დააპირებთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება… შეიძლება ადამიანი რაღაც პერიოდი იყოს ხელისუფლებაში, იღებდეს გადაწყვეტილებებს და შერჩეს, მაგრამ არსებობს საუკეთესო მსაჯული – ისტორია. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ და შეხვიდეთ ისტორიაში და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანია და ღირსებას აღუდგენს ფუნქციადაკარგულ სასამართლოს“, – თქვა რეზო კიკნაძემ.
პროკურორებს მიმართა ონისე ცხადაძემ. მისი თქმით, მათ ახლა აქვთ შანსი.
“თქვენ ადამიანობას ტოვებთ გარეთ, ადამიანობა რომ შემოიყოლოთ, ასე არ იქნებოდა ყველაფერი…. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამ შანს საუკეთესოდ გამოვიყენებდი…

ადამიანი შეიძლება იყოს ან პესიმისტი, ან რეალისტი, ან ოპტიმისტი… თუ ხარ ოპტიმისტი, ნებისმიერ საქმეში განვითარდები, იყავით ოპტიმისტები და ჩვენ გავიმარჯვეთ“, – თქვა ცხადაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობის შეცვლისთვის საჭირო ახალი გარემოებები ვერ დაინახა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთი ჯგუფის საქმე, რომელშიც ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ფიგურირებენ, არსებითი განხილვის ეტაპზეა. მხარეებმა და მათ შორის ბრალდებულებმა, შესავალი სიტყვით ისარგებლეს.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი ს ჩატარებისა და „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა.
პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის 11-ის საქმე დღეს, 1 მაისს, განიხილებოდა.
ფორუმი