ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიას მადლობას უხდის და ციხიდან წერილს ავრცელებს.
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია 9 მაისს გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე.
“დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ევროპის კინოაკადემიის მიმართ, იმ პატივისთვის რაც მხვდა წილად. ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათგან და პირადად მაიკ დაუნისგან მივიღე.
ჩვენ ისტორიულად ვიზიარებდით და ვიბრძოდით საერთო ევროპული ფასეულობებისა და უფლებებისთვის. დღეს, როდესაც რეალობასა და სიმართლეს ბუნდოვანება შეეპარა ჰიბრიდული პოლიტ-ტექნოლოგიების საშუალებით, ჩვენ ყველას გვმართებს დავიცვათ ეს მონაპოვარი.
საქართველო თავისი რამდენიმე ათასწლოვანი კულტურით იყო და არის ევროპის ნაწილი.
თუ სოლიდარულები ვიქნებით თითოეული ადამიანის მიმართ, გადარჩება საზოგადოება.
მადლობა ამ სოლიდარობისთვის თქვენ!”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე წერილში.
თავად კინოაკადემიის განცხადებით ანდრო ჭიჭინაძის დაკავება წარმოადგენს მთავრობის მცდელობას, ჩაახშოს მშვიდობიანი პროტესტი და დააშინოს საზოგადოება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოში ხელოვანების უსაფრთხოების კუთხით.
“ევროპის კინოაკადემია ღელავს ანდრო ჭიჭინაძის მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო კინო და კულტურულ ორგანიზაციას სოლიდარობა გამოხატონ ანდროს მიმართ,” – განაცხადა აკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დოუნიმ, ოფიციალურ ვიდეომიმართვაში.
