პრემიერმა თქვა „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან“ – როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით, მოსამართლეს პირდაპირ მითითებას აძლევს.
„პრემიერმა თქვა – „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. თუ არ იყო ადამიანი იდენტიფიცირებადი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება ამ შემთხვევაში, არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.
ჩემი აზრი ასეთია – როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ – ასე არ დგინდება სამართალი.
ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია, რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს რომ ამ მარწუხებს გაუმკლავდებით“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
