ანდრო გოცირიძე – თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადასატვირთია, რუსული პოლიტიკის გამარჯვება და საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსის სრული ჩავარდნაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, გასულ კვირას რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლება შედგა. ამ გაცვლის კადრები და გათავისუფლებულებთან შეხვედრის კადრებიც ვიხილეთ.
დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ეს გაცვლა, ყველაზე მასშტაბური იყო.
გათავისუფლებულებს ს პრეზიდენტი პუტინი ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. მან გათავისუფლებულებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და „ფიცისა და მოვალეობისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან ჰქონდათ კავშირი. პუტინმა მათ აეროპორტშივე აცნობა, რომ ისინი სახელმწიფო ჯილდოებზე იქნებიან წარდგენილი.
გათავისუფლებულებს პრეზიდენტი ბაიდენიც შეხვდა. საგულისხმო ისაა, რომ რუსების მიერ გათავისუფლებულები არც სამხედროები და არც აგენტები არ იყვნენ, ისინი პოლიტიკური და ჟურნალისტური საქმიანობისთვის იყვნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული.
რადგან გაცვლის ინიციატორი პუტინი იყო, რომელიც გათავისუფლებულებს პირადად დახვდა, კითხვას ასე დავსვამ – როცა -რუსეთს შორის ომი მძვინვარებს, რა მიზანს ისახავდა პრეზიდენტი პუტინი, როცა მისი ინიციატივით დაიწყო დაკავებულების გაცვლის თემაზე დასავლეთთან მოლაპარაკებები?
– მოვლენა მართლაც მეტად საინტერესოა. რვა ქვეყანამ ოცდაოთხი პატიმარი გაცვალა. რუსეთმა და ბელარუსმა თექვსმეტი პატიმარი გაათავისუფლეს, ხოლო -მა, გერმანიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა და სლოვენიამ კი – რვა.
კრემლის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი დასავლეთში პატიმრობაში მყოფი რუსი მზვერავების, უპირველესად კი – კრასიკოვის გათავისუფლება იყო, მაშინ, როდესაც, რუსეთის მიერ გათავისუფლებულ პატიმრები – შეთითხნილი ბრალდების გამო დაკავებული აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ბიზნესმენები – პრაქტიკულად კრემლის მძევლებს წარმოადგენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კრასიკოვი, არ მიეკუთვნება გადაწყვეტილების მიმღებ დონეს, რუსული დაზვერვისთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან ის ბევრ აქტიურ ღონისძიებაში იყო ჩართული ევროპის მასშტაბით, საბოლოოდ კი ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
კრემლის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი დასავლეთში პატიმრობაში მყოფი რუსი მზვერავების, უპირველესად კი – კრასიკოვის გათავისუფლება იყო, მაშინ, როდესაც, რუსეთის მიერ გათავისუფლებულ პატიმრები – შეთითხნილი ბრალდების გამო დაკავებული აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ბიზნესმენები – პრაქტიკულად კრემლის მძევლებს წარმოადგენდნენ
ისევ პატიმართა გაცვლის მოტივებს რომ დავუბრუნდეთ, პუტინისთვის რუსი მზვერავების დასავლური სამართლისაგან დახსნა მნიშვნელოვანი საქმიანობაა და ეს მხოლოდ ყოფილი მზვერავის კორპორაციული სიმპათიებით არ აიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სადაზვერვო ოპერაციები კონსპირაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ბრძანების გამცემ რგოლზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორც ჩანს, კრასიკოვს და სხვა პირებს მაინც აქვთ გარკვეული ცოდნა რუსული დაზვერვის მოქმედების ფორმებსა და მეთოდებზე, ისევე, როგორც სამხილები გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებზე.
ამას გარდა, სურკოვისეული „პუტინის სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი დასაყრდენი არის პოლიტიზებული სპეცსამსახურების ჰეგემონია სხვა ფენებზე. ჰეგემონიას კი სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება. პატიმართა „გულუხვი“ გაცვლით პუტინი, რომელიც თავად სპეცსამსახურის წრეებიდანაა, მესიჯს უგზავნის ყოფილ კოლეგებს, რომ მათ დაუსჯელად შეუძლიათ იმოქმედონ მსოფლიო მასშტაბით.
სურკოვისეული „პუტინის სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი დასაყრდენი არის პოლიტიზებული სპეცსამსახურების ჰეგემონია სხვა ფენებზე. ჰეგემონიას კი სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება. პატიმართა „გულუხვი“ გაცვლით პუტინი, რომელიც თავად სპეცსამსახურის წრეებიდანაა, მესიჯს უგზავნის ყოფილ კოლეგებს, რომ მათ დაუსჯელად შეუძლიათ იმოქმედონ მსოფლიო მასშტაბით
მნიშვნელოვანია კრემლის ტექნოლოგიის ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს რუსი მზვერავების სახლში დაბრუნებას. 2022 წელს ამერიკელი კალათბურთელი ქალის, ბრიტნი გრაინერის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვლის შემდგომ პუტინს კრასიკოვში გასაცვლელად მხოლოდ ამერიკელი ბიზნესმენი უილანი დარჩა, რომელსაც მალევე, 2023 წლის გაზაფხულზე „დაამატა“ ჟურნალისტები გერშკოვიჩი და კურმაშევა.
თუმცა, კრასიკოვის გაცვლაზე გერმანიის მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ჩაერთო საქმეში ლუკაშენკო. მოლაპარაკებების პროცესში ბელარუსი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს, რომელიც შემდგომ, ლუკაშენკოს მიერ იქნა შეწყალებული. გერმანიის მოქალაქის გადარჩენის საჭიროებამ მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი შესძინა და წარმატებული დასასრული უზრუნველყო.
ზოგადად, ბოლო არჩევნებში ხელისუფლების მიტაცებაში კრემლის დახმარების შემდეგ ლუკაშენკო სრულად გადაიქცა კრემლის მარიონეტად და მისი თავისუფლების ხარისხი არაფრით აღემატება თუნდაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ მარიონეტული რეჟიმების დამოუკიდებლობის ხარისხს.
ბოლო არჩევნებში ხელისუფლების მიტაცებაში კრემლის დახმარების შემდეგ ლუკაშენკო სრულად გადაიქცა კრემლის მარიონეტად და მისი თავისუფლების ხარისხი არაფრით აღემატება თუნდაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ მარიონეტული რეჟიმების დამოუკიდებლობის ხარისხს
ეს არის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსული დახმარების ფასი: აღნიშნული რუსული „დახმარების“ ფასად ლუკაშენკომ, რომელიც წლების მანძილზე ახერხებდა ლავირებას დასავლეთთან, ჯერ ტერიტორია დაუთმო რუსეთს უკრანიაში შეჭრისთვის, შემდგომ ბელარუსის ტერიტორიაზე ვაგნერის ბანდ-ფორმირებები განათავსებინა და რუსული ბირთვული შეიარაღებისთვისაც გამოყო ბაზები, რითაც, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყანა ომის პირობებში დასავლეთის პირდაპირ სამიზნედ აქცია.
პატიმართა გაცვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ასევე წინასაარჩევნო ვნებათაღელვა შეერთებულ შტატებში. ბუნებრივია, ზოგადად, ამერიკის არჩევნების შედეგებს და კონკრეტულად კი მიმდინარე დაპირისპირებას უზარმაზარი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაცვლის პროცესი თითქმის ორი წელია ჩიხში იყო შესული კრასიკოვის გათავისუფლებაზე გერმანიის წინააღმდეგობის გამო, ოფიციალური ბერლინის თანხმობა საკუთარი მოქალაქის გამოხსნის სურვილთან ერთად, საავარუდოდ ბაიდენის საარჩევნო რეიტინგის ზრდის სურვილმაც განაპირობა. საყოველთაოდ ცნობილია, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის მიმართ ევროპის ქვეყნების შეშფოთება და ამ პირობებში ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ბენეფიტების მინიჭება გერმანიის ინტერესებს დაემთხვა.
ის ფაქტი, რომ რუსეთმა მხოლოდ რვა პატიმარი მიიღო თექვსმეტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციიდან პუტინის წარუმატებლობად ვერ ჩაითვლება. ავტორიტარული გადაწყვეტილებები კრემლის დიქტატორისთვის უცხო არ არის, ორიოდე წლის წინ მან ასობით უკრაინელი ტყვე გაცვალა მისთვის მნიშვნელოვან მედვედჩუკში. ამას გარდა, თუ საკითხს რუსული სახელმწიფოს მსოფლმხედველობიდან შევხედავთ, კრემლმა ხარისხობრივად უფრო მნიშვნელოვანი პატიმრები, სპეცსამსახურის ოფიცრები და აგენტები დაიბრუნა უბრალო მძევლების სანაცვლოდ.
მართალია, პუტინს ოპოზიციონერების, ყარა-მურზასა და იაშინის გათავისუფლებამაც მოუწია, მაგრამ ნავალნი, რომელიც ასევე ჩართული იყო გასაცვლელთა სიაში და რომლის აქტიურობაც კრემლისთვის უფრო სახიფათოდ მიიჩნეოდა, ამ პროცესის დასასრულს ვერ მოესწრო.
ტაქტიკურად, პუტინს ამ პროცესში უპირატესობა აქვს: მას მარტივად შეუძლია აიყვანოს მძევლები ამერიკის ან ევროპის მოქალაქეთაგან და დაუსჯელად ამოქმედოს რუსული დაზვერვის საცეცები, მაშინ, როდესაც რუსი ჯაშუშების პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებების დასავლური სტანდარტი საკმაოდ მაღალია.
ტაქტიკურად, პუტინს ამ პროცესში უპირატესობა აქვს: მას მარტივად შეუძლია აიყვანოს მძევლები ამერიკის ან ევროპის მოქალაქეთაგან და დაუსჯელად ამოქმედოს რუსული დაზვერვის საცეცები, მაშინ, როდესაც რუსი ჯაშუშების პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებების დასავლური სტანდარტი საკმაოდ მაღალია
რაც შეეხება მორალურ უპირატესობას, ბუნებრივია, ის სრულად დასავლეთის მხარესაა: გასამართლებული მკვლელისა და ჯაშუშების სანაცვლოდ, აშშ-მა სახლში დააბრუნა ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც რუსეთში, უკიდურესად მტრულ და სახიფათო პირობებში საქმიანობდნენ, ასევე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ღიად გმობდნენ.
პროცესის მასშტაბურობის გამო, საერთაშორისო მედიამ ეს მოვლენა ცივი ომის დროინდელ ჯაშუშების გაცვლასაც შეადარა, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო რუსი ჯაშუშების, მეტწილად, მკვლელების, კრიმინალების გაცვლა მშვიდობიან მძევლებში. აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთში ზღვარი სახელმწიფოსა და კრიმინალს შორის წაშლილია და კრემლს კრიმინალური სინდიკატი მართავს, მისთვის დამახასიათებელი კრიმინალური ფორმებით და მეთოდებით.
დასავლეთისთვის და უპირველესად, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, თუმცა, არც იმის დავიწყება ღირს, რომ დასავლეთს მოუწია მკვლელი კრასიკოვის, კიბერკრიმინალი სელეზნიოვის და სხვა, დემოკრატიული სასამართლოს მიერ გასამართლებული დამნაშავეების გათავისუფლება უდანაშაულო მძევლების გამოსახსნელად.
რაც შეეხება მორალურ უპირატესობას, ბუნებრივია, ის სრულად დასავლეთის მხარესაა: გასამართლებული მკვლელისა და ჯაშუშების სანაცვლოდ, აშშ-მა სახლში დააბრუნა ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც რუსეთში, უკიდურესად მტრულ და სახიფათო პირობებში საქმიანობდნენ, ასევე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ღიად გმობდნენ
წინა წლებში ზუსტად ასევე, წარმატებული კალათბურთელი ქალი გაიცვალა რუს იარაღით არალეგალურ მოვაჭრე ვლადიმერ ბუტში, ხოლო სამხედრო ვეტერანი – მსხვილ ნარკოდილერში. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ტერორისტებთან მოლაპარაკებას მძევლების გასათავისუფლებლად, რაც, ტერორისტებს დამატებითი მძევლების აყვანისკენ უბიძგებს.
– როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით კიდევ ერთ, გაცვლის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას.
ამ გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნებში ყალბი საბუთებით იყვნენ ჩანერგილი, წლობით და ათეული წლობითაც კი მუშაობდნენ, ანუ იყვნენ ე.წ. „მძინარე აგენტები,“ რომლებსაც, შესაძლოა, წლების განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონოდათ „ცენტრთან“ და მათ რაღაც განსაკუთრებული დავალებისთვის ამზადებდნენ.
როგორ ჩანს, მათი გათავისუფლება იმასაც შეიძლება ნიშნავს, რომ „განსაკუთრებული დავალებები“ „ცენტრს“ მათთვის არ აქვს. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში კიდევ მრავლად არიან რუსი „მძინარე აგენტები“, რომლებიც ამ ქვეყნებში საკმაოდ აქტიურადაც საქმიანობენ. ეს რომ ასეა, ევროპისა და აშშ-ს სპეცსამსახურები კარგა ხანია საუბრობენ.
რადგან, ასეა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „მძინარე აგენტების“ გათავისუფლება და „ცენტრის“ მიერ გაშიფვრაც და „გაწვევაც“?
– „მძინარე აგენტი“ მედიასა და პოპულარულ კულტურაში დამკვიდრებული დასახელებაა. რეალურად, რუსული სადაზვერვო ორგანიზაციები არალეგალურ მზვერავს დაინტერესების ქვეყნებში გზავნიან, სადაც, ეს უკანასკნელი ცხოვრობს ლეგენდით, ცდილობს დაამყაროს საჭირო კონტაქტები, შეიძინოს იდენტობა და სამსახური, მოიპოვოს ლეგალური დაფინანსება, იცხოვროს, როგორც ადგილსამყოფელი ქვეყნის ჩვეულებრივმა მოქალაქემ საგანგებო დავალების მიღებამდე.
ის ფაქტი, რომ „მძინარე აგენტები“ გასაცვლელთა სიაში მოხვდნენ, მეტყველებს, რომ ისინი ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ გაშიფრული და დადგენილი იყვნენ და მათი საქმიანობა საზღვარგარეთ ვეღარ გაგრძელდებოდა.
ის ფაქტი, რომ „მძინარე აგენტები“ გასაცვლელთა სიაში მოხვდნენ, მეტყველებს, რომ ისინი ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ გაშიფრული და დადგენილი იყვნენ და მათი საქმიანობა საზღვარგარეთ ვეღარ გაგრძელდებოდა
– რადგან საუბარი სპეცსამსახურების თემაზე დავიწყეთ, იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ს წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის გამოძიებით, საუბარიც ამ თემით უნდა გავაგრძელოთ.
ოპოზიციური სპექტრის მტკიცებით, ეს გამოძიება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. შესაძლოა, ასეც იყოს, რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში „მშვიდობის გარანტად,“ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ასახელებს. „მშვიდობა“ კი ის თემაა, რაც მმართველი გუნდის მთავარი წინასაარჩევნო სლოგანია.
თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ჩვენს სპეცსამსახურს მართლაც აქვს საფუძველი იმუშაოს ამ გამოძიებაზე. ვხედავთ, რომ ლამის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ში იბარებენ ადამიანებს. მათი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ბრალდებები საფუძვლიან ჯერ არ ჰგავს. თუმცა, გამორიცხული არაფერია.
რამდენად დიდია ამის ალბათობა, რომ ამ გამოძიების შედეგები მალე გასაჯაროვდება? თუ არჩევნების წინ ვიხილავთ იმ მტკიცებულებებზე საუბარს, რომელსაც სპეცსამსახურები მოგვაწვდიან?
– რთულია საიდუმლო გრიფის მქონე საქმეზე მსჯელობა, მითუმეტეს, როდესაც ეს საქმე ტერორისტულ აქტს ეხება. ბუნებრივია, არ მაქვს ინფორმაცია, რა მტკიცებულებები ან სამხილები შეიძლება გააჩნდეს უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, ინფორმაციის კონტროლირებადი გავრცელება მმართველი პარტიის მხრიდან ამ საქმეს პოლიტიკურ ელფერს სძენს.
წინასაარჩევნო პერიოდში ქართული სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე აპელირება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ქართული პოლიტიკისთვის ახალი არ არის, თუმცა, ეს საქმეები საბოლოოდ გამოუძიებელი რჩებოდა. მიმდინარე საქმე იმდენადაა განსხვავებული, რომ აქ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდება გაჟღერდა.
იურიდიულ ან საგამოძიებო მხარეზე მსჯელობა გამიჭირდება, თუმცა პოლიტიკურად, მმართველი პარტია ეცდება საქმის გარშემო კონტროლირებადად გამოჟონილი ინფორმაცია ტრამპის, ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს დაუკავშიროს და ამით პოლიტიკური სარგებელი ნახოს.
წინასაარჩევნო პერიოდში ქართული სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე აპელირება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ქართული პოლიტიკისთვის ახალი არ არის, თუმცა, ეს საქმეები საბოლოოდ გამოუძიებელი რჩებოდა. მიმდინარე საქმე იმდენადაა განსხვავებული, რომ აქ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდება გაჟღერდა
ტერორისტული აქტის მომზადებას ვერავინ გამორიცხავს- ბოლოსდაბოლოს, საქართველოში არეულობით დაინტერესებული რუსეთიც შეიძლება იყოს ამის ორგანიზატორი, თუმცა უნდობლობას აქ არარეფორმირებული ქართული სამართალდამცავი სისტემა და სპეცსამსახურები იწვევს: თავად განსაჯეთ, შესაბამისი უწყებების პირველი პირები პარტიული მოღვაწეები, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები, სავარაუდო ტერაქტის სამიზნესთან დაახლოებული პირები არიან და ამავდროულად, ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებსაც ხელმძღვანელობენ.
– გასულ კვირას თეირანში ახლად არჩეული ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიუ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანის მკვლელობაში თავის მონაწილეობას არც უარყოს და არც ადასტურებს, ახლა ყველა იმაზე საუბრობს, რომ მომხდარს თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს.
თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თეირანს არ აწყობს რეგიონში დიდი ომი, რადგან არ სურს ამ მიმართულებით აქტიურობით წყალი დაასხას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ტრამპის სასარგებლოდ, რომლის არჩევა ირანს არ აწყობს.
ჰანის მკვლელობა რომ საფრთხეა ისრაელისთვის, ცხადია, მაგრამ ჩვენთვის, მას შემდეგ რაც ჩვენი პრემიერი იყო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ახლა პრობლემები შეიძლება გვქონდეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც თეირანთან წლებია დაპირისპირებული არიან.
სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნებოდა ვაშინგტონს, ბრიუსელსა და ევროპის რიგ დედაქალაქებს იმაზე, რომ ჩვენმა პრემიერმა მოუხშირა თეირანში სტუმრობას?
– დასავლელი პარტნიორები ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას. სიმართლე ის გახლავთ, რომ დასავლეთს, რომელსაც უამრავი ფინანსური, ინტელექტუალური თუ დროის რესურსი აქვს საქართველოში ჩადებული, ყველაზე ნაკლებად აწყობს დაძაბულობა რეგიონში, თუმცა, ყველა ურთიერთობას, ვიზიტს, შეხვედრას თავისი კონტექსტი ახლავს და ეს საერთაშორისო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია.
დღეს ირანი მხოლოდ რეგიონის მსხვილი სახელმწიფო კი არ არის, არამედ პრაქტიკულად ერთადერთი რეჟიმია, რომელიც ღიად აწვდის კრემლს იმ იარაღს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში იყენებს. დარბაზში, რომელშიც საქართველოს პრემიერი იდგა, ღიად გაისმოდა მოწოდებები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“, ხოლო იმავე დარბაზში იმყოფებოდნენ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მეთაურები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც კი აღიარებენ.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს, პრემიერის თეირანში ჩასვლის გარემოებები უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტს იძენს. ამ ფონზე ცოტა არ იყოს ცინიკურად ჟღერს მთავრობის მეთაურის განცხადება, შემხვედრ ნაბიჯებს ველით შეერთებული შტატებისგანო.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს, პრემიერის თეირანში ჩასვლის გარემოებები უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტს იძენს. ამ ფონზე ცოტა არ იყოს ცინიკურად ჟღერს მთავრობის მეთაურის განცხადება, შემხვედრ ნაბიჯებს ველით შეერთებული შტატებისგანო
არც ის არის მართალი, თითქოს რეგიონის სახელმწიფოები ამ ინაუგურაციაზე უმაღლეს დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი. თუ სწორად მახსოვს, ცერემონიალს არ ესწრებოდნენ აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები, ხოლო ევროკომისარ ბორელის სპეციალური წარმომადგენელი, ცხადია, არ არის სახელმწიფოს მეთაურის დონე.
რაც შეეხება სომხეთის პრემიერის დასწრებას, სომხეთისთვის ირანი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე და თანაც, სომხეთი არც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი და არც შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობას, სამი ათეული წლის მანძილზე ის ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობის ისტორიაში ბევრი საჩოთირო, მგრძნობიარე საკითხი წამოჭრილა, მაგრამ ურთიერთობების გადახედვა არასდროს მომხდარა და არც სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გასჩენია შეკითხვა, გაგვაგებინეთ, მოკავშირედ მიგვიჩნევთ თუ მოწინააღმდეგედო.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობას, სამი ათეული წლის მანძილზე ის ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობის ისტორიაში ბევრი საჩოთირო, მგრძნობიარე საკითხი წამოჭრილა, მაგრამ ურთიერთობების გადახედვა არასდროს მომხდარა და არც სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გასჩენია შეკითხვა, გაგვაგებინეთ, მოკავშირედ მიგვიჩნევთ თუ მოწინააღმდეგედო
– წინა კითხვა იმიტომ დავსვი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ვხედავთ, რომ ოფიციალურ თბილისს, როგორც მინიმუმ, გართულებული აქვს ურთიერთობები საქართველოს ტრადიციულ პარტნიორებთან – აშშ-თან და ევროკავშირთან.
ვაშინგტონიდან კრიტიკული შეფასებები გვესმის კარგა ხანია, ევროკავშირი გვეუბნება, რომ ვიდრე კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ არ გავიწვევთ, ევროკავშირი არ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ირანის თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე ემილ ავდალიანმა განაცხადა – „თუ საქართველო ყველა დიდი მოთამაშისთვის საჭირო გეოპოლიტიკურ აქტორად გადაიქცევა, ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ არასტაბილურ ვითარებაში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და ყველა, დიდი თუ პატარა ქვეყანა ეძებს თავის ადგილს“.
მართლაც კარგი იქნება, თუ ყველა დიდი მოთამაშისთვის საქართველო „საჭირო გეოპოლიტიკურ აქტორად გადაიქცევა“, მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით ამ დიდ მოთამაშეებს თავისი ინტერესი და ხედვები აქვთ.
თუ შეიძლება ასე ითქვას, რეგიონულ ლიდერებს – რუსეთი და ირანი ცდილობენ ჩვენს რეგიონში აშშ და ევროპა ან საერთოდ არ იყვნენ, ან მათი ინტერესები ნაკლებად იყოს გათვალისწინებული. თქვენ როგორ შეაფასებდით, იმ ურთულეს ვითარებას, რაც იმ გარემოებათა გამოა რეგიონში ჩამოყალიბებული, რაზეც ვისაუბრე?
– ყველა მოთამაშისთვის საჭირო გეოპოლიტიკურ აქტორად ქცევა კარგია, თუმცა, მნიშვნელოვანია, საკუთარი ინტერესების რომელი ნაწილის რეალიზებას მოახდენენ ეს აქტორები საქართველოში. დღეს არსებულ ვითარებაში ასეთი ინტერესი შესაძლოა ირანიდან რუსეთში იარაღის ტრანზიტიც იყოს და შესაბამისმა აქტორებმა უსაფრთხოების გარანტიებიც შემოგვთავაზონ, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს საქართველოს ინტერესებს?
ბუნებრივია, ეს უტრირებაა, თუმცა, მნიშვნელოვანია გარდა საგარეო პოლიტიკური ვექტორისა, სწორად გვქონდეს ჩამოყალიბებული, რომელი საშინაო მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებას და საერთოდ, რატომ არის ესა თუ ის ვექტორი საქართველოსთვის მისაღები.
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის და არსებულ რეალობაში, ისევე, როგორც წლების წინ, როდესაც საქართველოს საგარეო ვექტორის ფორმირება ხდებოდა, საქართველოსთვის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების, სახელმწიფოს მშენებლობა და ამ სახელმწიფოს სრული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, მითუმეტეს, რომ სწორედ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ახლა შესაძლებლობათა ეს ფანჯარა ღიაა.
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის და არსებულ რეალობაში, ისევე, როგორც წლების წინ, როდესაც საქართველოს საგარეო ვექტორის ფორმირება ხდებოდა, საქართველოსთვის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების, სახელმწიფოს მშენებლობა და ამ სახელმწიფოს სრული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, მითუმეტეს, რომ სწორედ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ახლა შესაძლებლობათა ეს ფანჯარა ღიაა
სწორედ ამგვარი სახელმწიფო დაიცავს საუკეთესოდ თავს ჩინური ინვესტიციების მოზიდვის პირობებში „ვალის ხაფანგისაგან“, მხოლოდ ამგვარ სახელმწიფოსთან ომს მოერიდება რუსეთი, ასეთ სახელმწიფოსთან ეცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ირანიც.
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ისე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, მეტი რომ არ შეიძლება.
წინასაარჩევნოდ, ტრადიციულად პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს ხოლმე, მაგრამ, ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, აშკარად მეტია იმაზე რაც აქამდე გვახსოვს. ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დონესა და ხარისხს.
მეტიც, პოლიტიკური სუბიექტები არ ერიდებიან პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით წინასაარჩევნოდ იმგვარი პროპაგანდის წარმოებას, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებში პოლარიზაციას აღრმავებს.
ყველაზე გაუგებარი ისაა, რომ მმართველი გუნდი ერთი მხრივ აცხადებს რომ სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად სრულიად გაუგებარ ანტიდასავლურ კომპანიას აწარმოებს. ვაშინგტონიდან კრიტიკაზე სულ მეტად საუბრობს იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებია გადასატვირთი.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ხდება?
– სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება, დემოკრატიული ინსტიტუტების დაზიანება, რუსულ ეკონომიკასთან დამოკიდებულების ზრდა, რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალების გაძლიერება – ის, რაც წლების მანძილზე კრემლის ამოცანა იყო და რუსული სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით ხორციელდებოდა, საქართველოსთვის დღეს დამდგარი შედეგია.
თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადასატვირთია, რუსული პოლიტიკის გამარჯვება და საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსის სრული ჩავარდნაა. როდესაც ამგვარ ჩავარდნაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ჩავარდნა თავისთავად არ მომხდარა და ის ქართულ პოლიტელიტაში ინფილტრირებულმა რუსულმა აგენტურამ განაპირობა, შესაძლოა, სწორედ იმგვარი „მძინარე აგენტების“ გავლენით, რომელთა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ინფილტრაცია ეჭვს არ იწვევს.
ბუნებრივია, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ჩავარდნა თავისთავად არ მომხდარა და ის ქართულ პოლიტელიტაში ინფილტრირებულმა რუსულმა აგენტურამ განაპირობა, შესაძლოა, სწორედ იმგვარი „მძინარე აგენტების“ გავლენით, რომელთა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ინფილტრაცია ეჭვს არ იწვევს
სხვა საკითხია, რომ გადატვირთვაც წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ანტიდასავლური პროპაგანდა ისმის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან თუ მათი პროქსი-ორგანიზაციებიდან.
გულუბრყვილობაა, ვინმეს ეგონოს, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლური ქვეყნების საელჩოები, მათი სპეცსამსახურის ლეგალური წარმომადგენლობა იმდენად ვერ ერკვევა ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში, რომ განცხადებებს ნეიტრალიტეტზე, საერთაშორისო მისიებში „ტყუილად დაღვრილ, დაუფასებელ სისხლზე“, „უსარგებლო“ დასავლურ დახმარებებზე ან ზოგიერთი პარლამენტარის აშკარად შეურაცხმყოფელ გამოსვლებს ცალკეულ, ერთმანეთთან კავშირის არმქონე ფაქტებად აღიქვამს და ოფიციალური თბილისის პოზიციასთან არ აიგივებს.
– კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ 1 აგვისტოდან ამოქმედდა. თვის ბოლომდე არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“.
მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ დარეგისტრირდება. რამდენადაც მახსოვს, თქვენც გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ თუ აპირებთ „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას?
– არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელიც ვარ, გრანტი და დაფინანსება არასოდეს მიუღია, შესაბამისად, რეგისტრაციის ვალდებულება არ მაქვს.
ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ამგვარი ვალდებულება რომ მქონდეს, რადგან წლების მანძილზე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში ვატარებდი ლექციებს კიბერუსაფრთხოების, კიბერჰიგიენის, კიბერბულინგის, მკვლელი თამაშების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელიც ვარ, გრანტი და დაფინანსება არასოდეს მიუღია, შესაბამისად, რეგისტრაციის ვალდებულება არ მაქვს
მოსწავლეებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, დიპლომატებს, პოლიციელებს ვასწავლიდი, როგორ უნდა დაეცვათ თავი ფინანსურად თუ პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმებისგან და თუკი ამ ღონისძიებებს რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა დააფინანსებდა, უცხოური გავლენის გამტარებლად რატომ უნდა ჩავთვლილიყავი?
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად