უსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე:
ჩორჩანას ეპიზოდით ხომ ვნახეთ, სადამდე მიიყვანა უსაფრთხოების სისტემა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მმართველმა პარტიამ? არც კორუფციის ეს ფაქტია ნაკლები:
– თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა საახლობლოში ბლატაობდა, სამინისტროში ვაგვარებ და მომეცით წინადადებები, რა მივყიდოთო, სამინისტროს შესყიდვებიც მოურგებდნენ სატენდერო პირობებს და აკეთებდა მილიონებს. მინისტრმა ცოლისძმის ამბავი თუ არ იცოდა, ჩორჩანაში გახარიასი საიდან ეცოდინებოდა? მტრის გეგმა? დიპსტეიტზე საიდანღა იცის სიმართლე?
– სად კეთდებოდა ფული და რაზე? ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე! ეს, ვინც იმაზე შფოთავს, მინისტრს რომ გააკრიტიკებ და ჯარის დისკრედიტაციას ეწევიო, ოფიციალურ განცხადებებს რომ აქვეყნებდნენ. ეგ მინისტრი ადრე მოადგილე იყო და შესყიდვებს კურირებდა, ჟურნალისტებსაც უბრიალებდა თვალებს. მაშინ არ აკეთებდა ფულს? ვინ ეწევა ჯარის დისკრედიტაციას?
– სამინისტროში გენერალური ინსპექციაცაა და სამხედრო პოლიციაც (ამას ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ფუნქცია ვერ ჩამოვაშორე, მაგრამ ჰა, გინდა ჰქონია და გინდა არა), მაგრამ არაფერი შეუტყვიათ. სამაგიეროდ, თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალებს, მაგრად უყვირიან და მინისტრის მოადგილეებმა “თავდაცვის გენერლის” წოდებებიც დაირიგეს, შევრონები და ლამპასები პიჟამოზეც რომ არ აქვთ ნანახი.
– ამას გარდა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშაა. ფორმებსა და მეთოდებზე მეტს ვერ ვიტყვი, მაგრამ მერწმუნეთ, თუ რამის ცოდნა უნდათ, იციან. ნდობის ჯგუფი რომ არ გაესაძაგლებინა ოცნებას, გაირკვეოდა, სად იყურებოდა კონტრდაზვერვა ამ დროს. ცოლიძმას რომ ვერ გამოავლენ, ჯაშუში როგორ უნდა აკონტროლო?
– ამ ფაქტზე ჟურნალისტური გადაცემაც იყო და არასამთავრობოებიც წერდნენ, მაგრამ ოცნებამ წინდაწინ იზრუნა და “აგენტები” დაარქვა, რომ ხალხს მათი ნათქვამი არ დაეჯერებინა. სუსს აქედან მაინც ხომ უნდა გაეგო?
– შიდა, გარე, საპარლამენტო, სამთავრობო, კონტრდაზვერვითი კონტროლი საერთოდ მოშლილი რომაა ან მიტაცებული, ამით მტერი ვერ ისარგებლებს? თავდაცვისუნარიანობა არ სუსტდება?
– ყველაზე დიდი უბედურება მაინც საზოგადოებაშია. იქ სხვა ხალხიცაა: ვინც ეს ყველაფერი იცის, ისიც იცის ჯარისკაცის ულუფაზე დიდ ფულს სხვა რომ შოულობს, მაგრამ ხმას არ იღებს. “არ” და არა “ვერ”. (ვინც “ვერ” იღებდა ან წამოვიდა ან გამოუშვეს). უბრალიდ, ასე ცხოვრება ურჩევნია, გამდიდრებულ-გაზულუქებული რომელიმე ხაინდრავა რომ ეტყვის, კაი კაცი ხარ შენო. მოგიბრუნდება და ჭკვიანი სახით გკითხავს: “და მიშას დროს?”. კი, მაშინაც. და არ მოგბეზრდა 30 წელი? ხომ ჩაგიარა ცხოვრებამ და შენ შვილს ჩაუვლის ახლა მერამდენე გამდიდრებული “ყველაზემაგარიმინისტრის” ფონზე.