მოახლოებული არჩევნების წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, რუსეთის დაზვერვის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ეუთო/ოდერის „შუალედურ დასკვნას“ გამოეხმაურა და მას “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით”მომზადებული დასკვნა უწოდა.
ეუთო/ოდერის „შუალედურ დასკვნაში“ წერია, – „საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს“ ნარიშკინის მტკიცებით, „ეუთო/ოდერის დასკვნა, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება“.
მეტიც, იგი აცხადებს – “ამ აქციის მიზანია – სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ და ზუსტ არჩევანს” გააკეთებს. ბატონი ნარიშკინი აშშ-სა და ეუთო/ოდერს „საქართველოს შიდა საქმეებში“ „საკმაოდ თავხედურ ჩარევაში“ ადანაშაულებს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ განცხადებით, თავად ერევა საქართველოს „საშინაო საქმეებში“.
ეუთო/ოდერის „შუალედური დასკვნის“ გარდა, PACE-ის წევრების დეკლარაციაში ვკითხულობთ – „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნარიშკინის ამ განცხადებას?
– არჩევნები, ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოხატვა, დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია არჩევნების პროცესისა და მისი შედეგების მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი. რუსეთი მთელ მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, სწორედ ამიტომ, არჩევნები, როგორც დემოკრატიის ძირითადი ატრიბუტი კრემლის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს, არჩევნებში ჩარევა კი ხშირად მიმართულია უნდობლობის გაღვივების, საზოგადოების პოლარიზაციისკენ და მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების შეფერხებასა და მოშლას. რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკვე მეოთხე თუ მეხუთე განცხადებას უძღვნის და ყველა მათგანში ძირითადი გზავნილი ერთია: „დასავლეთი ცდილობს დაამხოს საქართველოში არჩეული ხელისუფლება და მმართველობაში მოიყვანოს მისთვის მისაღები ძალა, რომლის მეშვეობითაც გააჩაღებს ომს რეგიონში“.
ეს პოსტულატი ახალი ნამდვილად არ გახლავთ. იგი, ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის დროიდან გვახსოვს მოსახლეობის პოტენციური ომით დასაშინებლად და კომუნისტური პარტიის გარშემო კონსოლიდაციისთვის. მოგვიანებით, ეს თეზისი რუსეთის ფედერაციამ მემკვიდრეობით მიიღო, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის იმპერიალისტური ამბიციები – საბჭოთა კავშირი ხომ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ფორმა იყო.
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რუსეთისთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი მიზანი შემდეგია: წარმოიშვას და გაღრმავდეს კონფრონტაცია საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რუსეთისთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი მიზანი შემდეგია: წარმოიშვას და გაღრმავდეს კონფრონტაცია საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის
რაც შეაფერხებს როგორც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ასევე პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამ პირობებში, რუსეთის მიერ გაჟღერებული სამხედრო მუქარის ფონზე, იზოლაციაში მყოფი საქართველო იძულებული იქნება დათანხმდეს რუსულ ორბიტაზე გადაჯგუფებას. რა ფორმით მოხდება ეს, იქნება ეს ჟენევის ფორმატის რუსულ მოედანზე გადატანა, სხვადასხვა რუსეთისადმი ლოიალურ პლატფორმაზე ან ალიანსში ინტეგრაცია თუ პირდაპირი ოკუპაცია, ამას კრემლი, მისი აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე გადაწყვეტს.
რუსეთის მიერ გაჟღერებული სამხედრო მუქარის ფონზე, იზოლაციაში მყოფი საქართველო იძულებული იქნება დათანხმდეს რუსულ ორბიტაზე გადაჯგუფებას. რა ფორმით მოხდება ეს, იქნება ეს ჟენევის ფორმატის რუსულ მოედანზე გადატანა, სხვადასხვა რუსეთისადმი ლოიალურ პლატფორმაზე ან ალიანსში ინტეგრაცია თუ პირდაპირი ოკუპაცია, ამას კრემლი, მისი აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე გადაწყვეტს
ამ მიზნის მისაღწევად ყველა უწყებას თავისი როლი აქვს: საგარეო დაზვერვა, მაგალითად, ზემოთქმული თეზისის დანერგვას ცდილობს, საგარეო უწყება და სახელმწიფო დუმის წევრები კი საოკუპაციო რეჟიმებთან აღრმავებენ ურთიერთობას, რათა ამ ანკლავებს რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, საქართველომ, რუსულ ორბიტაზე საქართველოს შესაძლო გადაბარგების სანაცვლოდ, მათი „უკან დაბრუნება“ რომ არ ითხოვოს.
– გვახსოვს პრემიერ ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ „რუსეთს საქართველოს არჩევნებში ჩარევის რესურსი არ აქვს“. „ქართული ოცნების“ გენ.მდივნის კახი კალაძის შეფასება, რომ თურმე ეუთო/ოდერის“ შუალედურ დასკვნასაც „ჩალის ფასი“ აქვს.
ვნახეთ ხელისუფლების საკმაოდ კრიტიკული რეაქცია აშშ-ს ელჩის განცხადებებზე იმის შესახებ რომ „იზოლაციაში ქვეყნების ვერ ვითარდებიან. საქართველოსგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, რომ „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, რომ „აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია“, რომ „ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია“.
თქვენთან შეხმიანებამდე თვალი გადავავლე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუებს, სადაც თქვენ ამბობთ – „თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-თან ურთიერთობა გადასატვირთია, რუსული პოლიტიკის გამარჯვება და საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსის სრული ჩავარდნაა“.
ახლა საქართველოს გართულებული აქვს ურთიერთობები ევროკავშირთანაც. ბრიუსელი ღიად გვეუბნება, ვიდრე კანონი გვაქვს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ევროკავშირში საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.
თქვენი ამ განცხადებიდან საკმაო დროა გასული, და ახლა რა შეიძლება ითქვას აშშ-საქართველოსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე?
– თუ ეს განცხადება გულწრფელადაა გაკეთებული, მაშინ ის პოლიტიკურად მეტად გულუბრყვილო განცხადებაა, თუმცა, პრემიერ-მინისტრს გულუბრყვილობას ნამდვილად ვერ დასწამებ.
არჩევნებში ჩარევის პოტენციალი ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ, რელიგიურ, კულტურულ სფეროებში ბერკეტების არსებობით იზომება. საინტერესოა, როგორ არ აქვს რუსეთს ეს პოტენციალი, როდესაც ეკონომიკა თითქმის სრულად რუსულ ტურიზმსა და ბაზარზეა დამოკიდებული, კულტურულ სფეროში მიმდინარეობს დაახლოების სწრაფი პროცესი, პოლიტიკურად კრემლი და თბილისი ერთი და იგივე მესიჯებით საუბრობენ, ხოლო დასავლეთთან კონფრონტაცია ღრმავდება, ფსიქოლოგიურად, მმართველი პარტიის ძირითადი მესიჯი მოსახლეობის რუსეთთან ომით დაშინებაა, რომელთანაც, თითქოს, დასავლეთი “გვაომებს”. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობის ხარისხს, წარმოუდგენელია, მმართველ პარტიას არ სცოდნოდა, რომ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია პარტნიორებთან ურთიერთობას შეუქცევადად დააზარალებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მათ მიზანს წარმოადგენდა. ამას თავისი მიზეზები აქვს: დასავლური პოლიტიკური ველი არ არის ხელსაყრელი პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნას ცდილობს.
წარმოუდგენელია, მმართველ პარტიას არ სცოდნოდა, რომ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია პარტნიორებთან ურთიერთობას შეუქცევადად დააზარალებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მათ მიზანს წარმოადგენდა. ამას თავისი მიზეზები აქვს: დასავლური პოლიტიკური ველი არ არის ხელსაყრელი პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნას ცდილობს
მეორე მხრივ, დასავლეთის პოლიტიკური ცენტრების კრიტიკას, შესაძლოა, პარტიისთვის მძიმე შედეგები ჰქონოდეს, ამიტომ, უნდა მოხდეს დასავლეთის დემონიზება, მისი დისკრედიტაცია. ამისთვის კი საუკეთესო სახელმძღვანელო რუსული მესიჯებია. აი, აქ ემთხვევა ერთმანეთს პარტიული ბენეფიტების მიღების სურვილი და რუსული ინტერესები. რუსეთი სტრატეგიულ თამაშს თამაშობს, მმართველი პარტია კი ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს დასავლეთის დისკრედიტაციის ფონზე. საბოლოო ჯამში ამით სახელმწიფო შეუქცევადად ზარალდება.
დასავლეთის პოლიტიკური ცენტრების კრიტიკას, შესაძლოა, პარტიისთვის მძიმე შედეგები ჰქონოდეს, ამიტომ, უნდა მოხდეს დასავლეთის დემონიზება, მისი დისკრედიტაცია. ამისთვის კი საუკეთესო სახელმძღვანელო რუსული მესიჯებია. აი, აქ ემთხვევა ერთმანეთს პარტიული ბენეფიტების მიღების სურვილი და რუსული ინტერესები
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით? ევროკავშირი აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გაყინვაზე, ასევე, ევროკავშირის ოფიციალური პირები წყვეტენ მაღალი დონის კონტაქტებს ხელისუფლებასთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასინჯა ურთიერთობები საქართველოსთან, სავიზო თუ ფინანსური სანქციები დაუწესა ზოგიერთ მაღალჩინოსანს, შეაჩერა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე არ მიიწვია საქართველოს მთავრობის მეთაური.
საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა დარბაზში, სადაც სკანდირებდნენ “სიკვდილი ისრაელს”, “სიკვდილი ამერიკას” და ამ დარბაზის მინიმუმ ორი სტუმარი, საერთაშორისო ტერორისტები, სპეცოპერაციის შედეგად არიან ლიკვიდირებული. ამავდროულად, აშშ-ს ოფიციალურად განვუცხადეთ, რომ ვაშინგტონი “კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”.
შეჯამება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამაზე დაბალ ნიშნულზე საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა. ურთიერთობის ეს ხარისხი ვერ უზრუნველყოფს ვერც წარმატებული არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, ვერც ინვესტიციების მოზიდვას, ვერც საერთაშორისო პროექტებში ქვეყნის ჩართვას. ვაკუუმს, რომელიც ამ მხრივ გაჩნდება, აუცილებლად შეავსებს რუსეთი ან ჩინეთი.
ამაზე დაბალ ნიშნულზე საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა. ურთიერთობის ეს ხარისხი ვერ უზრუნველყოფს ვერც წარმატებული არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, ვერც ინვესტიციების მოზიდვას, ვერც საერთაშორისო პროექტებში ქვეყნის ჩართვას. ვაკუუმს, რომელიც ამ მხრივ გაჩნდება, აუცილებლად შეავსებს რუსეთი ან ჩინეთი
თავისთავად, ჩინეთთან თანამშრომლობაში ცუდი არაფერია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველო, მმართველობის სტილითაც ემსგავსება აღმოსავლური ტიპის ერთპარტიულ რეჟიმებს, სადაც, ყველა დამნაშავეა, ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკას არ იზიარებს. ეს არ არის საქართველოს განვითარების გზა და მიუხედავად სავარაუდო ეკონომიკური სარგებლისა, უამრავ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოქმნის ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ პირობებში ეს მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე „გაერთიანებით“ თუ არის შესაძლებელი, ისიც, საკითხავია, რა საწყისებზე. ნომინალურად, სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ იდგა, თუმცა, ქვეყანა მთლიანად იყო ოკუპირებული.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ პირობებში ეს მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე „გაერთიანებით“ თუ არის შესაძლებელი, ისიც, საკითხავია, რა საწყისებზე. ნომინალურად, სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ იდგა, თუმცა, ქვეყანა მთლიანად იყო ოკუპირებული
დასასრულს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთს არანაირი ფორმით არ აძლევს ხელს და ამის ინიციატორი კრემლი არასდროს იქნება. ერთადერთი გზა დასავლურ სტრუქტურებში სწრაფი ინტეგრაცია და ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდა მოსახლეობისთვის ამ ახალი, დასავლური შესაძლებლობების გახსნაა. სამწუხაროდ, რამდენად დაზარალებულია ეს გზა, ცხადია. სწორედ იმავე პროპორციით არის შეფერხებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისედაც რთული პროცესი.
– თუ ასეა, გაუგებარია რას ეფუძნება მმართველი გუნდის მტკიცება, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ურთიერთობებს დაალაგებს როგორც აშშ-თან, ისე, ევროკავშირთან. არადა, ვიცით, რომ აშშ-ს შეწყვეტილი აქვს კომუნიკაცია საქართველოს მოქმედ ადმინისტრაციასთან. ბრიუსელში საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც ევროკავშირის 9 რეკომენდაცია არ აქვს შესრულებული. სამი რაც შესრულებულად ჩაითვალა, მათ მიმართაც დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკულია.
სავარაუდოდ, რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ არჩევნების შემდეგ ისინი დაალაგებენ ურთიერთობას აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც?
– შესაძლოა, ეს მტკიცება რომელიმე გულუბრყვილო პოლიტიკოსის მხრიდან იმ მოლოდინს ეფუძნებოდეს, რომ თეთრ სახლში ადმინისტრაციის ცვლილება ურთიერთობებს დაათბობს, თუმცა ეს ასე არ არის და ამაზე საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმაც ისაუბრა. საქართველოსადმი, როგორც დემოკრატიისადმი წაყენებული მოთხოვნები ვაშინგტონში ორპარტიულია და ის არ გადაისინჯება.
საქართველოსადმი, როგორც დემოკრატიისადმი წაყენებული მოთხოვნები ვაშინგტონში ორპარტიულია და ის არ გადაისინჯება
რაც შეეხება პარტიის იმ გუნდს, რომელმაც რეალურად იცის, საით მიდის სახელმწიფო, ის შესაძლოა თვლიდეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ვაშინგტონს მოუწევს იმ მმართველობასთან შეგუება, რასაც ქართველი ხალხი აირჩევს. რეალურად ეს ასეცაა, ვაშინგტონიც, ბრიუსელიც ითანამშრომლებენ იმ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ოღონდ, ხელისუფლების მისწრაფებებიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, განისაზღვრება თანამშრომლობის ხარისხიც.
ვაშინგტონიც, ბრიუსელიც ითანამშრომლებენ იმ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ოღონდ, ხელისუფლების მისწრაფებებიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, განისაზღვრება თანამშრომლობის ხარისხიც
ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ნებისმიერ სახელმწიფოსთან არსებობს და მას, შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური ეფექტიც ჰქონდეს, მაგრამ საქართველოსთვის ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციის პროცესი და დემოკრატიის შედეგებით სარგებლობა ხანგრძლივი ვადით გადაიწევს. ამასთან, არც ერთი სახელმწიფო ვაკუუმსა თუ იზოლირებულ სისტემაში არ ცხოვრობს, მითუმეტეს საქართველო. დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება. რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის თანამშრომლობის ამგვარი ხარისხი და რა საფრთხეებს შეიცავს ამგვარი ცივი ურთიერთობები, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
– მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა, რომ „თავის თავში უნდა მოვძებნოთ ძალა და ოსებს ბოდიში მოუხადოთ,“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ „რუსეთი ხელს შეუწყობს მეზობელი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებას“. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი თბილისს მეზობელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთავაზობს.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზ ხალხს საქართველოსთან გამარჯვების 31 წლისთავი მოულოცა და მათვე აღუთქვა, რომ „რუსეთი აფხაზეთს მომავალშიც დაეხმარება სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში“.
ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ საქართველოს საგარეო უწყება ამ განცხადებებისთვის არც უპასუხია. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კი ლავროვის განცხადებას „მიესალმა. მისმა თანაგუნდელებმაც ლავროვის განცხადებაში ცუდი ვერაფერი აღმოაჩინეს და თქვეს, რომ „მიესალმებიან თუ მოსკოვი ხალხების შერიგებაში თავის წვლილს შეიტანს“.
ამის გარდა, ლავროვის ვრცელი განცხადება გავრცელდა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. იმაზე, რომ მოსკოვი ამ რეგიონებთან აძლიერებს კავშირებს ყველა სფეროში.
თქვენ როგორ აღიქვით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ლავროვის წინა განცხადება და პუტინის მილოცვა აფხაზებისადმი? ასევე ბოლო განცხადება და ის კომენტარები რაც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ? – არაერთხელ დავრწმუნდით, რუსეთი საკუთარ სტრატეგიულ ხაზს არ გადაუხვევს, სანამ მას ამის ძალა ექნება. რაც არ უნდა შემრიგებლური რიტორიკა გააჟღეროს საქართველოს ხელისუფლებამ, მოსკოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის “აღდგენას” განიხილავს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მედვედევს, პუტინს, ლავროვს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ იცნობენ ქუთაისის და თბილისის გუბერნიას, სოხუმის სამხედრო ოლქს. დაახლოებით იმავეს სთავაზობდა “დემოკრატი” ელცინი პრეზიდენტებს, გამსახურდიას და შევარდნაძეს.
მოსკოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის “აღდგენას” განიხილავს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში
ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოსადმი რუსული პოლიტიკაც არ არის დამოკიდებული პარტიულ პრეფერენციებზე: ის მუდმივია და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არც განიხილავს. – პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიას კარგა ხანია ვადევნებთ თვალს. პოლიტიკური პარტიების მეტ-ნაკლები წარმატებით ხვდებიან მოსახლეობას და აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. გარე საფრთხეების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება შიდა რეალობა და ის პროცესი, რასაც საარჩევნო კამპანიების წარმოება ჰქვია? – მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია სრულად ეფუძნება დასავლეთისგან თავსმოხვეული ომის თავიდან აცილებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას და ამ გზით, თითქოსდა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას.
მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია სრულად ეფუძნება დასავლეთისგან თავსმოხვეული ომის თავიდან აცილებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას და ამ გზით, თითქოსდა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას
ოპოზიციურმა პარტიებმა და პასუხისმგებლობის მქონე ამომრჩეველმა ალბათ უნდა დასვან კითხვები, კერძოდ, როგორ და რის ხარჯზე აპირებს მმართველი პარტია ამ მიზნების მიღწევას? სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე ხომ არა? თუ ასეა, რამდენად ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული დასავლეთისგან ომის ინსპირირების თეორია. რატომ უნდა უნდოდეს, მაგალითად, შეერთებულ შტატებს ერთ კვირაში იმის განადგურება, რასაც წლებია საკუთარი ამომრჩევლის ფულით აშენებს? საქართველოს ხომ არ აქვს ოპერატიული სივრცეები, რომ რუსეთი ხანგრძლივი ვადით ჩაითრიოს ომში და მისი სამხედრო ძლიერება შეასუსტოს? თუ დასავლეთს ყბადაღებული “მეორე ფრონტი” აწყობს, მოლდოვაში რატომ არ ხსნის? იქ ხომ “მისი” მთავრობა ჰყავს და რუსეთთან საზღვრის არქონის პირობებში, ხომ უფრო მეტია წარმატების შანსი?
ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს რამდენად სერიოზული ის შეთქმულების თეორიები, რომელსაც მმართველი პარტია გვთავაზობს
თუ ამ შეკითხვებს ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებულ პასუხებს გავცემთ, გვრჩება თეორია, რომ “მსოფლიოში არსებობენ რაღაც ძალები, რომელთა სტრუქტურა და გეოგრაფია არავინ იცის, მაგრამ მათ გავლენა აქვთ ყველაზე და ყველაფერზე, შვეიცარიის ბანკით დაწყებული, ბაიდენის ადმინისტრაციით დამთავრებული და ისინი კონკრეტულად საქართველოს დაღუპვით არიან დაინტერესებული ყოველგვარი მიზეზის ან შესაძლო სარგებელზე გათვლის გარეშე”. რამდენად სერიოზულია, ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს რამდენად სერიოზული ის შეთქმულების თეორიები, რომელსაც მმართველი პარტია გვთავაზობს.
– არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია მკაცრად კი გააკრიტიკეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანიაა, არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფისგან, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, ამ თემებზე თავისი ხედვები საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამთ.
გასაგებია, რომ ეს თემები საკმაოდ რთული თემებია, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რატომ ერიდებიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ამ თემებზე საჯაროდ მსჯელობას?
– ოკუპირებული ტერიტორიები ნაღმია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეს რეალობა, ბუნებრივია პოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია ხშირად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს და ეს პოლიტიკური პარტიებისთვის ელექტორალური თვალსაზრისით წამგებიანია. ამ მიზნის გარშემო მოქალაქეთა ფართო მასების მრავალპარტიული კონსოლიდაციაა საჭირო. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებდნენ სტრატეგიული პარტნიორები პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დრო უკვე ჩავლილია და ჩვენ ახლა მხოლოდ შიდა პოლარიზაციის პირობებში კი არ ვცხოვრობთ, არამედ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონფრონტაციულ რეჟიმშიც. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და ოკუპაცია ისევ “ეთნიკურ კონფლიქტად” მოინათლება. რუსეთი ცხადია არაფერს გააკეთებს ამ “კონფლიქტის” დასარეგულირებლად, რადგან ის მხარეა, ოკუპანტია და არა მედიატორი.
თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და ოკუპაცია ისევ “ეთნიკურ კონფლიქტად” მოინათლება. რუსეთი ცხადია არაფერს გააკეთებს ამ “კონფლიქტის” დასარეგულირებლად, რადგან ის მხარეა, ოკუპანტია და არა მედიატორი
საქართველოს ისტორიაში იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც აფხაზეთისა და შიდა ქართლის საკითხის დარეგულირება ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, რუსეთს ჰქონდა მინდობილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მაშინ დემოკრატიულ იმიჯს ირგებდა და დასავლეთთანაც უფრო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა, რა გამოვიდა აქედან, ყველამ ერთად ვნახეთ.
ამ პროცესის ინტერნაციონალიზაციას, შესაძლო მინიმალური ბენეფიტების მიღებას, საერთაშორისო აზრის მობილიზებას, იმ ინსტიტუტების, სტრუქტურების და კავშირების მშენებლობას, რასაც აფხაზებისა და ოსების ახალი თაობები ჩვენკენ უნდა მოეზიდა, დიპლომატების, სახელმწიფო მოხელეების, სამხედროების, მეცნიერების სამი ათწლეულის მანძილზე დაღვრილი ოფლი და სისხლი დასჭირდა, რასაც უკანასკნელი სამი წელია ისე აქტიურად ვანგრევთ, რომ პარტნიორებთან არამეგობრულ რიტორიკამდე დავედით.
– თუ ისევ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებაზე ბატონ ნარიშკინის განცხადებას დავუბრუნდებით, არჩევნების მოახლოების კვალობაზე ლოგიკურად უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, გინდა არ გინდა იყრის თავს. მათ შორის ისეთი კითხვებიც კი, რომელიც ახლა სრულიად წარმოუდგენელი შეიძლება მოგვეჩვენოს.
თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში აშშ და ევროკავშირი როგორ მოიქცევა, დაახლოებით ვიცით. მაგრამ, არ ვიცით, არჩევნების შემდეგ საქართველოში მშვიდი ვითარება იქნა, როგორ მოიქცევა რუსეთი, რომლის ერთ-ერთი სპეცსამსახურის უფროსი ამბობს, რომ „რუსეთი საქართველოშია და ვითარებას აკონტროლებს“.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებს აწყობთ კიდეც არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების გამწვავება, რადგან შეეძლებათ საქართველოში უხეში ძალით ჩარევის შესაძლებლობა. არჩევნების შემდეგ დამდგარ მოცემულობაში, სავარაუდოდ, რა ტიპის ჩარევისთვის შეიძლება ემზადებოდეს რუსეთი საქართველოში?
– ცხადია, ერთადერთი აქტორი, ვისაც საქართველოში ესკალაცია და ვითარების გამწვავება აწყობს, რუსეთია. მითუმეტეს, თუკი საქართველოს პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობა ექნება და კრემლი შეძლებს ხელისუფლებას საკუთარი სცენარი მარტივად მოახვიოს თავს. ნებისმიერი ცუდი სცენარი უნდა განვიხილოთ და პოლიტიკური აქტორები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას.
თუკი საქართველოს პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობა ექნება და კრემლი შეძლებს ხელისუფლებას საკუთარი სცენარი მარტივად მოახვიოს თავს. ნებისმიერი ცუდი სცენარი უნდა განვიხილოთ და პოლიტიკური აქტორები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამომრჩეველს აკისრია. რუსეთი მხოლოდ დაშლილ, პოლარიზებულ საზოგადოებას ესხმის თავს. თუკი ამომრჩევლის დიდი ნაწილი აქტიური იქნება და მკაფიოდ გამოხატავს თავის პოლიტიკურ ნებას – სახელმწიფომ გააგრძელოს ინტეგრაციის გზა და გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, რუსეთი მხოლოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და საინფორმაციო კამპანიებით შემოიფარგლება, შესაძლო საიმედო დასაყრდენის პირობებში კი არც ძალისმიერ ჩარევას ითაკილებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი