უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძე:
მოგილოცავდით მარიამობას დოჩანაშვილის ან სხვა დიდი ავტორის შედევრით ან დიდ სამადლობელ სადღეგრძელოს დავწერდი, “დაბადების დღე ვინც მომილოცა ან არ მომოლიცასთვის”, მაგრამ რა ვიცი

.



– არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ და “სასადილოდ” მონათლულ რესტორნების კუპეებში სკდებოდნენ, შავ-თეთრი ტელევიზორი კი მაინც გაფილტრულ ტექსტებს გვაწვდიდა “ჩვენივე კეთილდღეობისთვის”, – რომ ზედმეტი კომენტარიც არ ღირს.
– მოქმედი არასამთავრობო არასდროს მქონია, არც წევრი ვყოფილვარ და არც თანამშრომელი, მაგრამ აი, ამ ორგანიზაციებთან ერთად, ვინც გუშინ დააყადაღეს და ვისაც ხვალ დააყადაღებენ, მომივლია მთელი საქართველო და ხულოს, ადიგენის, ზარზმის, ჯოყოლოს, დუისის, ახალქალაქის, ნასაკირალის, ზუგდიდის, წეროვნის, ამბროლაურის, მარნეულის, ნინოწმინდის ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის, ისევ არასამთავრობოების გავლით ტუალეტგარემონტებულ და კომპიუტერებით აღჭურვილ სკოლებში ილიას, ვაჟას, იაკობის ციტატებით გამიცვნია როგორ არ გახდნენ კიბერთაღლითობის მსხვერპლი, როგორ მოერიდონ მოძალადეს, როგორ უპასუხონ სექსუალურ ზეწოლას ინტერნეტში, როგორ აწარმოონ ელექტრონული კომერცია, როგორ გახდნენ ქალები უფრო დაცულები ქსელში, როგორ ამოიცნონ რუსული, მტრული პროპაგანდა.
– მე კიდევ რა და საუკეთესო პროფესორები ასწავლიდნენ ამ ეგიდით ბავშვებს პროფესიის არჩევას, კომუნიკაციის უნარებს, საერთაშორისო ურთიერთობების თუ ეკონომიკის საფუძვლებს, სამოქალაქო უფლებებს (10 წლის რომ არ უნდა გაგათხოვოს ნათესაობამ და სწავლა რომ კარგია, აი, მაგასაც) ხოდა, ეს არასამთავრობოები არიან “უცხო ძალის აგენტები” და ის, ვინც მათი გაუქმებით, ამ ახალგაზრდებს ამ ცოდნაზე წვდომას უკარგავს, არა?
– საბოტაჟს (რაიმე საქმის წინასწარგანზრახვით ჩაფუშვა მასში მონაწილეობისაგან თავის არიდებით ან მისი არაკეთილსინდისიერი შესრულებით) რაც შეეხება, 1000 და თუნდაც 5000 ლარად აირწინაღის შესყიდვა და პატიმრის (რვა თვე პატიმრობის მერე უდანაშაულო რომ აღმოჩნდა) ოჯახის მოკითხვაა საბოტაჟი თუ ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებული კურსის ძირის გამოთხრა ისე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდეს, ხოლო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის სიკეთეებზეც, თუნდაც მხოლოდ სამხედრო სფეროში, არაერთხელ გვითქვამს მეც და სხვასაც -შეწყდეს და მასთან ერთად გაქრეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მინიმალური იმედიც?
– სოლიდარობა არასამთავრობოებს და ლექტორებს კი არ სჭირდებათ: “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იწოდები” და წაიკითხავენ სხვაგან სადმე, მაგალითად, როგორ იმძლავრა რუსეთმა საქართველოში. რომც ჩასვან, რა? 4-5 წელი ჰა და ჰა? რა არის 5 წელი? სოლიდარობა თქვენ შვილებს, მათ შორის იმათ შვილებსაც, ვინც ახლა საბრალდებოს შტამპავს, სჭირდებათ, ცოდნა ხელმისაწვდომი რომ არ იქნება და ისეთივე ღარიბები და მოტყუებულები იქნებიან, როგორც თქვენ. პეტრე მიხვდა ამას, პეტრე, “გლახის ნაამბობში”. მეხუთე კლასის მასალაა. გეტყვიან, ჩვენ ვასწავლითო, “უცხო ძალა” არ გვინდაო, მაგრამ რატომაა, 20% რომ არის ზღვარი მისაღებზე და ვერ ლახავენ ბავშვები?
– თუ ვინმე ზემოჩამოთვლილი აქტივობების შედეგს დააყენებს ეჭვქვეშ, შეახედეთ ცალი თვალით, როგორც კი ამ ძალად გატოქსიკურებულ ჭაობს გასცდებიან რა წარმატებას აღწევენ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებაში, ბიზბესში რა ვარსკვლავებს ეთამაშებიან ჩვენი ახალგაზრდები, ვინც ეს ცოდნა მიიღო და რა ამაზრზენად გამოიყურებიან ჭაობში ჩარჩენილი ერთ დროს ნათელი, პერსპექტიული გოგო-ბიჭები, მათი წონა ვაზელინი და “Медный лоб и карамазовская совесть” რომ სჭირდებათ გროშების გამოსამუშავებლად.