სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტის სახლის ჩხრეკისას ფული არ ამოუღიათ.
„4 ობიექტზე ნამდვილად ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერებები, მით უმეტეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა, რაც ალბათ მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამდენად, დაკავების სამართლებრივი საფუძველი, ცოტა არ იყოს, გასაკვირია… რაც შეეხება ოქროს, ოქრო არის ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში[…]
მას ბიზნესი აქვს 2000 წლიდან მოყოლებული. ამიტომ ეს არ არის ახალი გარემოება, რომ ბიზნესსაქმიანობას ეწევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაგი მოსიაშვილმა.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, ანდრია ლილუაშვილი. მათი ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამავე ბრალდებით გუშინ დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე.
წინა დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
22 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
სუსი ამბობს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მისი ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.




