უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონტროლს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაისინგერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდადან დაბრუნებისთანავე უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის შედეგები, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებებით.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს მოქმედების შესაბამის ალგორითმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო კონტროლისთვის. ეს უკიდურესად რთული პროცესია”, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, ფრონტის ხაზი დღეს 1 300 კმ-ზე მეტია.
„რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ახლა ყველაფერი მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინული მხარე მომზადდეს შესაბამისი გუნდებით, შესაბამისი განვითარებით, მოდალურობით, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესახებ შეთანხმების ან გეგმის შესახებ სამომავლო ხედვით და, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის პაკეტის პარამეტრებით და მოცულობით“, – განაცხადა სიბიგამ.
