რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობის საკითხის განსახილველად შეხვედრებისთვის ემზადება, სინამდვილეში ის ახორციელებს თავდასხმას და ტერორს და ანადგურებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა წუხანდლიდან მასიური საჰაერო თავდასხმის ქვეშაა.
„მოუსმინეთ ხმებს ჩემი სახლის თავზე – და ათასობით უკრაინული სახლის თავზე. საჰაერო თავდაცვა იგერიებს რუსეთის დარტყმებს. უკრაინა გუშინდელი ღამიდან მასიური საჰაერო თავდასხმის ქვეშაა, ბალისტიკური, ფრთოსანი და კასეტური რაკეტებით, ასევე ასობით დრონით, რომელთა სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაა“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, მითურ „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, შესაძლებელია რუსეთის ნამდვილი გზავნილების – რაკეტებისა და დრონების ხილვა და მოსმენა.
„რუსეთს აქამდე არც ჩვენთვის, არც თურქეთისთვის, არც შეერთებული შტატებისთვის და არც სხვა ვინმესთვის არ გამოუგზავნია თავისი ე.წ. „მემორანდუმი“. არავინ იცის, რაზე ისაუბრებენ. ამის ნაცვლად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. მითური „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, ჩვენ ნათლად ვხედავთ და გვესმის რუსეთის ნამდვილი „გზავნილები“, მისი რაკეტები და დრონები“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს, რომ რუსეთი აშკარად უარს ამბობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.
„ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს, რომ რუსეთი აშკარად უარყოფს მშვიდობას, ცეცხლის შეწყვეტას და მთელი მსოფლიოდან წამოსულ ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას. რუსეთი მშვიდობას სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ მოეკიდება, რაც ზეწოლის ახალ დონეს იგრძნობს“, – წერს სიბიგა.