ანდრეი მაკარიჩევი: იმ ფასის გათვალისწინებით, რასაც პუტინი და რუსეთი იხდიან ამ ომისთვის, ტრაბახისა და ზეიმის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ

ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ანდრეი მაკარიჩევთან

„თუ პუტინი მეორე ხერსონს დაკარგავს, მისი საქმე წასულია,“ – ასე ამბობდა ომის დაწყების პირველ თვეებში, როდესაც ხერსონი ახალი დაბრუნებული ჰქონდა უკრაინის ჯარს, ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი და ს პოლიტიკური ფსიქოლოგიის გამორჩეული მკვლევარი.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა – მეორე ხერსონი არ დამდგარა, და პუტინიც გადარჩა როგორც ფიზიკურად, ასევე პოლიტიკურადაც, ომი გრძელდება და ტახტიც კრემლში, ერთი შეხედვით, მყარად დგას.

რა მოხდა ამ სამი წლის განმავლობაში? რატომ არ დაინგრა ის ფსიქოლოგიური საყრდენი, რაზეც პუტინის რეჟიმი დგას? ანდრეი მაკარიჩევი თვლის, რომ რუსეთი უკიდურესად დაავადებული საზოგადოებაა – არა პოლიტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. საზოგადოება, რომელიც სიკვდილს ხოტბას ასხამს და ტრაგედიას გმირობას უწოდებს, იქ კი, სადაც სიკვდილი საარსებო ნარატივად იქცა, მშვიდობაზე ლაპარაკი მხოლოდ პოლიტიკური ილუზიაა.

რადიო თავისუფლება: ჩვენი ბოლო ინტერვიუდან სამი წელი გავიდა – მაშინ უკრაინელებმა ხერსონი გაათავისუფლეს და მახსოვს, მითხარით, პუტინი მეორე ხერსონს ვერ გადაიტანსო. ხერსონი არ განმეორებულა. დღეს როგორია პუტინის მდგომარეობა? რით შეუძლია დაიტრაბახოს?

მაკარიჩევი: იმ ფასის გათვალისწინებით, რასაც პუტინი და რუსეთი იხდიან ამ ომისთვის, ტრაბახისა და ზეიმის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ. თუ შევხედავთ რუსეთის მწირ სამხედრო წარმატებებს და იმ ფასს, რადაც უკრაინული მიწის თითოეული მეტრი უჯდებათ – შედეგი კატასტროფულია. არ უნდა დაგვავიწყდეს ძალთა ბალანსიც – სამი წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია ვერ ახერხებს სამხედრო გზით დასახული მიზნების მიღწევას გაცილებით უფრო მცირერიცხოვანი მეტოქის წინააღმდეგ. აქ წარმატებაზე ლაპარაკი უბრალოდ აბსურდია. ამ ორმა-სამმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ პუტინის რუსეთი რჩება იმად, რაც მუდამ იყო – რეტროგრადულ სახელმწიფოდ, რომელიც ფიასკოს შეფუთავს და ტრიუმფად გაყიდის. ამის ნათელი მაგალითია 9 მაისის მოახლოებული აღლუმი – შეეცდებიან, ში ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილება გაასაღონ, როგორც გამარჯვების ისტორია, როგორც ერის გაერთიანების სიგნალი, როგორც დასტური იმისა, რომ მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი წამოდგა და აღმავლობის გზაზეა. ამ პროპაგანდისტული გზნების კარგი მაგალითია იმის ნახვა, თუ როგორ უხდიან მადლობას დაღუპული ჯარისკაცების ქვრივები პუტინს – იმისთვის, რომ მათ ქმრები და ძმები ხორცსაკეპში გაგზავნა. თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევენ – ბარემ იზეიმონ.

ვრცლად