რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად, უარი თქვა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა, ეს უკრაინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს უკრაინელებისთვის სიახლე არ არის. ჩვენ წლებია აგრესორთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიცით, როგორ შეუძლიათ მათ დროის გაწელვა. უკრაინა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ყველაზე მეტად ისწრაფვის და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ ყველა დონეზე. სწორედ ამიტომ, მუდმივად ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს საბაბს, დაგვადანაშაულოს სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი ნამდვილად მზადაა მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია მიიღოს აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინადადებები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ეს პოზიცია ნათლად არის ჩამოყალიბებული და ჩვენ ის არაერთხელ გამოვთქვით პარტნიორებთან კომუნიკაციისას. ვფიქრობ, თქვენ უკვე ნახეთ პრეზიდენტის ტვიტი. ასე მხოლოდ ძლიერი ლიდერები იქცევიან. დღეს ბურთი მოსკოვის მოედანზეა. თუ კრემლი ნამდვილად დაინტერესებულია მშვიდობით, იცის, რა უნდა გააკეთოს. უკრაინა მშვიდობის მომხრეა, მაგრამ არა მისი იმიტაციის“, – დასძინა ერმაკმა.
