ანდჟეი დუდა: საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს EU-ის წევრობა

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ს კონტექსტში.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ამომრჩეველი. ის ამბობს, რომ “საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი”.
“საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.
საქართველოში ახლახან ,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ეს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში”, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.