ანგარიში: რა ინსტრუმენტებს იყენებს „ოცნება“ მედიის ჩასახშობად

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გამოაქვეყნა ევროპაში მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ ანგარიში, რომელიც საქართველოსაც მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, MFRR-ის პარტნიორებმა ევროპის 36 ქვეყანაში 1 249 მედიის თანამშრომლის წინააღმდეგ, 709 დარღვევა დააფიქსირეს.
აქედან, მედიის თავისუფლების დარღვევის 342 შემთხვევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაფიქსირდა, 367 — კანდიდატ ქვეყნებში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 6 თვეში, MapMF-მა საქართველოში 72 განგაშის შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც მედიის სფეროსთან დაკავშირებულ 107 სუბიექტს შეეხებოდა, რაც „ასახავს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის თავისუფლების მზარდ დათრგუნვას“.
MFRR საგანგაშოდ აფასებს, რომ დაფიქსირებული დარღვევების უმრავლესობა (50%, 36 განგაში) იყო სამართლებრივი ინციდენტი, მათ შორის 17 ჯარიმა 36 მედია-პროფესიონალის მიმართ, 7 დაკავებისა და პატიმრობის შემთხვევა, ასევე მედიის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები.
„დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ჩაიდინა სასამართლო ხელისუფლებამ (24), რასაც მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლები/სახელმწიფო მოხელეები (20) და პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები (14)“, — ნათქვამია ანგარიშში.
MapMF-მა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის 23 შემთხვევა დააფიქსირა, მათ შორის 13 შემთხვევაში ჟურნალისტებს წვდომა დაუბლოკეს ღონისძიებებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი ხდებოდნენ — 8 ფიზიკური თავდასხმა დააფიქსირა, რომელიც 19 მედიამუშაკს შეეხო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა.
„MFRR-ის პარტნიორების გაფრთხილების შესაბამისად, საქართველო სულ უფრო უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს, რადგან მმართველი „ქართული ოცნება“ ანგარიშგების პერიოდში აძლიერებდა ძალისხმევას მედიის თავისუფლების შესასუსტებლად და დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი ყველაზე გამორჩეული დამოუკიდებელი მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, უსამართლოდ რჩება პატიმრობაში.
„მისი დაკავების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. MFRR-ის პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. აგვისტოში ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც თითქმის შვიდი თვე უკვე მოხდილი ჰქონდა“, — წერია ანგარიშში.
MFRR აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა და მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ახალი კანონი, აგრეთვე ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში და საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში 36 ჟურნალისტს ჯარიმა დაეკისრა, მათგან უმეტესობას გაშუქებისას „გზის გადაკეტვისთვის“, ხოლო ექვს ჟურნალისტს — „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მიმართ სოციალური ქსელით გამოხატული კრიტიკის გამო.
MFRR-ის შეფასებით, კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ მმართველობის ინსტრუმენტად ფუნქციონირებს, რაც აფერხებს ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი გაშუქების მცდელობას. ბოლო თვეებში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა: GD-ის კონტროლქვეშ მყოფმა GPB-ის მენეჯმენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, მას შემდეგ რაც მათ პოლიტიკურ ჩარევაზე განაცხადეს, და მოგვიანებით გააუქმა ზაუტაშვილის თოქ-შოუ. იმავე მიზეზით GPB-მ მოგვიანებით კიდევ ხუთი ჟურნალისტი გაათავისუფლა“, — ნათქვამია ანგარიში.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა „უცხოელი აგენტის“ ნარატივების გამოყენებას პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ევროპაში, კერძოდ, საქართველოში, უნგრეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში. ნათქვამია, რომ აქედან „საქართველომ, შესაძლოა, ყველაზე საგანგაშო მაგალითი მოგვცა“.
MFRR-ის შეფასებით, „იანვრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ რეჟიმი აგრძელებს ფართო ინსტრუმენტების გამოყენებას — მათ შორისაა რეპრესიული კანონები, უკანონო პატიმრობა, ეკონომიკური დევნა, უკანონო ჯარიმები და დისკრედიტაციის კამპანიები — რათა ქვეყანაში კიდევ უფრო დაახშოს დამოუკიდებელი, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე“.
მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება (MFRR) ზედამხედველობას უწევ მედიის თავისუფლების დარღვევებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებში. ეს პროექტი უზრუნველყოფს იურიდიულ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, საზოგადოებრივ ადვოკატირებას და ინფორმაციას ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების დასაცავად. MFRR ორგანიზებულია პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის (ECPMF) ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის მიერ, რომელიც მოიცავს ARTICLE 19 Europe-ს, ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციას (EFJ), Free Press Unlimited-ს (FPU), საერთაშორისო პრესის ინსტიტუტსა (IPI) და CCI/Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa-ს (OBC Transeuropa)-ს. პროექტი 2020 წელს დაიწყო და დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.