ანგარიშების დაყადაღების გამო „ადამიანის უფლებათა სახლი“ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებათა სახლი, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას აერთიანებს, სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს, რომ გაუქმებულ იქნას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ასევე მოუწოდებს პროკურატურას, შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი ერთ-ერთია იმ ხუთ ფონდს შორის, რომელნიც მიმდინარე პროტესტში ამა თუ იმ ფორმით დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მათ შორის, ჯარიმების გადახდით, ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევით წამების მსხვერპლებისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახების დახმარებით და სხვა. დაყადაღებულია „ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი, „ნანუკას ფონდი“, ნიკა გილაურის ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7. ფონდების დაყადაღებაზე სარჩელი პროკურატურაში ვატო შაქარიშვილმა შეიტანა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის, რაც საქართველოში ახლა ხდება და რა ზომებსაც იყენებს „ქართული ოცნება“, აღარ არის დემოკრატიული გზიდან გადახვევა და დიქტატურისკენ სვლა, ეს უკვე არის დიქტატურა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააჩეროს ყველა პროექტი, რომლითაც ხალხი ეხმარება ხალხს. ადამიანის უფლებათა სახლს, მისი ყველა ანგარიშის დაყადაღების გამო, მოუწია, რომ ყველა პროექტი გაეჩერებინა და ყველა ბენეფიციარის დახმარება შეეწყვიტა, მათ შორის მიმდინარე პროტესტს მიღმა.
ნეტგაზეთი ესაუბრა ადამიანის უფლებათა სახლის ხელმძღვანელს, ლელა ცისკარიშვილს, რომელიც ფონდების დაყადაღებას განიხილავს, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობას, ჩაახშოს ქუჩის პროტესტი. ლელა ცისკარიშვილის თქმით, ამისთვის პარტია აბსურდულ და რეალობას რადიკალურად აცდენილ საბაბს იყენებს.
„აბსოლუტურად აბსურდულია განჩინება. გვედავებიან მტრული უცხო ძალების ხელშეწყობას. არადა, მგონი ერთადერთი დაჯგუფება საქართველოში, რომელიც მტრული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ეს არის „ოცნება“, თავისი თავკაცი თ. გვედავებიან კიდევ ძალადობრივი პროტესტის მხარდაჭერას, უკანონოდ თანხებისა და შემოწირულობების აგროვებას. მიზანი არის ის, რომ შიში და აპათია დანერგონ მოქალაქეებში, გააჩერონ ქუჩის პროტესტი. ავტოკრატიას სწორედ ეს სჭირდება, შიში, ბრაზი, სიძულვილი და აპათია. ამაზე დგას ავტოკრატია. ჩვენ კი აქეთ მხარეს ვდგავართ სოლიდარობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და კოლექტიური მედეგი სული გვაქვს“, — ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
ადამიანის უფლებათა სახლში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა სოლიდარობას, სოლიდარობა არ შეწყდება და იქამდეც, სანამ ფონდები მოიფიქრებენ გზებს, როგორ გაგრძელდება ორგანიზებული სახით ამ ურთიერთდახმარების პროცესი, ადამიანები მაინც არ დატოვებენ და არც ტოვებენ ერთმანეთს მარტოს არცერთ გასაჭირში. ამასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა ბაია პატარაიას, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, რომელიც თავის მხრივ ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციაა.
„რასაც და როგორც ეს ფონდები აკეთებდნენ, როგორც ეხმარებოდნენ ადამიანებს, ეს არაფერია სხვა, თუ არა ადამიანების ხსნა სიღარიბისგან. ფონდების ყადაღა ვერ შეაჩერებს სოლიდარობას. ადამიანები მოძებნიან სხვა ფორმებს და მაინც დაეხმარებიან ერთმანეთს, თუ ეს ფონდების საშუალებით არ მოხერხდება. უბრალოდ ფონდები იყო ბევრად უფრო ორგანიზებული, გამჭვირვალე. მოვიფიქრებთ, სხვა რა ორგანიზებული ფორმები შეიძლება შევთავაზოთ საზოგადოებას ისეთი, რასაც სწრაფად ვერ შეაჩერებენ და ვერ დააყადაღებენ. მალე შემოგთავაზებთ კონკრეტულ გამოსავლებს“, — ამბობს ბაია პატარაია.
ადამიანის უფლებათა სახლის თქმით, თანხა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, თითოეული ბენეფიციარის სახელზე ხდება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, სახელმწიფოს აქვს სრული წვდომა ორგანიზაციის ყველა ტრანზაქციასა და მიზნობრიობაზე.
„ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულობა ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ “ ბანკისა” და “საქართველოს ბანკების” შემოწირულობა – სულ 300,000 ლარი. ამჟამად, განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება“, — ნათქვამია ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებაში.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 2010 წელს ნორვეგიული ორგანიზაცია Human Rights House Foundation-ის მხარდაჭერით დააფუძნა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “უფლებები საქართველო” (იმ დროს “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”), “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “საფარი” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი” (GCRT). ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელის წევრი, ასევე, ევროკავშირის დროებითი რელოკაციის პლატფორმის (EUTRP) წევრი.