ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში თავს დაესხნენ „ოცნების“ აქტივისტები

პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
დეპუტატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შემთხვევა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.
„ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ფლაერებს ვარიგებდით ახალგაზრდებთან ერთად. ველაპარაკებოდი ხალხს, რა დროსაც მოვარდა დაახლოებით 50 ადამიანი. მათ ეცვათ „ქართული ოცნების“ მაისურები. მათ შორის იყო „ოცნების“ მხარდამჭერი და სუსის აგენტი, თეონა ქარდავა. მათ დაიწყეს შეურაცხყოფა. ჰქონდათ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა… ჩემკენ იწევდნენ ხელის გასარტყმელად. მეძახდნენ – შუაზე გაგხევო. ხალხი ჩადგა ჩვენ შორის და გააგდეს ისინი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა. როგორც წითლიძე ამბობს, პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაიწყო თუ არა ინციდენტის მოკვლევა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით განცხადება ამ ეტაპზე არ გაკეთებულა არც პარტია „ქართულ ოცნებაში“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ