„ნაციონალურ მოძრაობაში“ არასდროს არ გვაინტერესებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტული, ჩვენ პროცესებს ყოველთვის ვუყურებთ ასე – ან სიკვდილი, ან გამარჯვება ამ რეჟიმზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ანა წითლიძის თქმით, პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ სისტემური ოპოზიციის შექმნის პროცესში არიან შესული.
„არ არსებობს რეჟიმთან რაღაც გარიგებაზე წახვიდე და საბოლოოდ რეჟიმი არ მოგიტრიალდეს. რეჟიმმა შეიძლება გამოგიყენოს თავისი მიზნებისთვის, მაგრამ საბოლოოდ შენ მოგადგება. რეჟიმი თავისივე შვილებს ჭამს. ეს 13 წლიანი გამოცდილება ბევრი ადამიანისთვის აუცილებლად უნდა იყოს მაგალითი, რომ სისტემურ ოპოზიციად არ იქცეს. სისტემური ოპოზიციის შექმნის პროცესში შესული არიან „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“. რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა სხვას არაფერს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ შენ ამ ყველაფრის პირდაპირ ნორმალიზებას ახდენ, ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას აძლევ, რომ ამოისუნთქოს და თავისი თამაშის წესებით ითამაშოს და ის დაიწეროს, რაც უნდა. მეორე მხრივ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ლეგიტიმაციასაც.
13 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასდროს არ გვაინტერესებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტული, ბოდიში და სულ ფეხებზე გვეკიდა. ჩვენ პროცესებს ყოველთვის ვუყურებთ ასე – ან სიკვდილი, ან გამარჯვება ამ რეჟიმზე და საქართველოს გადარჩენა. ჩვენთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, თუ ეს ქვეყანა ვერ გადარჩა, ვერავინ ვერ გადარჩება და ყველა ტიტული უკან დარჩება ყველას. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არიან ადამიანები, წარსულშიც იყვნენ, ბოლო არჩევნებზეც, ვისთვისაც მთავარი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო და მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულს ზეიმობდნენ. იგივე ჭირს ახლა გახარიას და „ლელოს““, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე გადაცემაში გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებასაც – „ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე“.
წითლიძის თქმით, როცა პოლიტიკოსი მსგავსი გზით მიდიხარ, „ან გარიგებული უნდა იყო, ან სასარგებლო იდიოტი“.
„ორი რამ უნდა იყოს, როცა ამას თანხმდები, ან უნდა იყო გარიგებული, ან სასარგებლო იდიოტი. ამ ორიდან რომელი არიან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საერთო საქმე ზიანდება. გარიგებულია თუ სასარგებლო იდიოტია, ეს გამოჩნდება და არაფერი არ დაიმალება. თვითონაც ხომ იციან, რომ არანაირი გამომგლეჯი, თბილისის და არცერთი მუნიციპალიტეტის ესენი არ არიან, საუბარია 3-4 საკრებულოს წევრზე. სულ რომ 40% დაუწერონ შეიცვლება ამ ქვეყანაში რამე?“, – განაცხადა ანა წითლიძემ.




