ანა წითლიძე – სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს? – რაც შეეხება გახარიას პარტიას და „ლელოს“, აზრზე არ არიან, რა ხდება რეგიონებში, კონდიციონერიანი ოთახებიდან აკეთებდნენ განცხადებებს

საერთოდ არ მაინტერესებს რაღაც პლატფორმის ლიდერი იქნება თუ არ იქნება, სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება გიორგი ვაშაძის წერილს, სადაც ის ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე რვა პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს
ანა წითლიძის განცხადებით, პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ პოზიციებში გამოჩნდა, რომ ისინი მზად არიან იყონ „სისტემური ოპოზიცია“.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანები ოპოზიციაში – ეს გამოჩნდა გახარიასა და „ლელოს“ პოზიციებში – მზად არიან იმისთვის, რომ სისტემური ოპოზიცია იყონ. მზად არიან იმისთვის, რომ შეეგუონ ამ რეჟიმს და რეჟიმთან იყოს 2-3 საკრებულოს წევრზე ვაჭრობა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ, ვთვლით, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება და მისი დამარცხება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
წითლიძის თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ აზრზე არ არიან რა ხდება საარჩევნო უბნებზე და რეგიონებში, ამიტომ „ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გაყალბება არც დაჭირდება“.
„ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ ამ ადამიანებს ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. 4 ოქტომბერს გამოვა და იტყვის, რომ კიდევ ერთხელ “გააფარჩაკა” ეს ორი ოპოზიციური პარტია, თავზე გადაახია . არც დაჭირდება ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გაყალბება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანები აზრზე არ არიან რა ხდება რეგიონებში, ერთხელ მაინც ჩასულან სიორიძე ან ბერდია სიჭინავა, ერთი საარჩევნო უბანი მაინც ჩაუბარებიათ? კონდენციონერიანი ოთახებიდან აკეთებდნენ განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც მე ველზე დავრბოდი და კრიმინალებს ვებრძოდი სამეგრელოში. აზრზე არ არიან რა ხდება ველზე, აზრზე არ არიან რა ხდება სარჩევნო უბანზე. ტექნიკურადაც რომ შევხედოთ 3 ათასი ცხელი წერტილის შექმნა შეუძლია ერთადერთ პარტიას, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მას შეუძლია 3 ათასივე უბანი კანდიდატებით დააკომპლექტოს, ასევე დამკვირვებლები, წარმომადგენლები და კომისიის წევრები ჰყავდეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ვერც ერთი ეს პარტია ამის შევსებას ვერ შეძლებს, თუ შეძლებს, იმასაც სუს-ი შეუვსებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.