რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვჭირდება სადღეგრძელოები, მოქალაქეებს გვჭირდება მკაფიოობა და სიცხადე – ზურაბიშვილს სათქმელი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მკაფიოდ და ცხადად უნდა ეთქვა,- ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გუშინდელ აქციაზე.
წითლიძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია.
„რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა და არა არსებობს არანაირი ორი გზა. ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მკაფიოდ და ცხადად უნდა ეთქვა. უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში რეალურად კი, სპეცოპერაციაში მონაწილეობა, არის დაუშვებელი და ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშს. უნდა ეთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი გზა იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი ამ ქვეყანაში გაიზარდოს და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის სწორედ, აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან“,- განაცხადა წითლიძემ.
წითლიძე ასევე, გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის შეწყვეტს შიმშილობას, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. წითლიძის შეფასებით, ხოშტარიას შიმშილობა „სარკეში ახედებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ წარმოუდგენია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა რეჟიმის თამაშის წესებით შესაძლებელია“.
„ელენე ხოშტარიამ თავის შიმშილობასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განაცხადი გააკეთა და მგონი, ყველასთვის გასაგებია. ვფიქრობ, რომ ელენე ხოშტარიას შიმშილობა სარკეში ახედებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ წარმოუდგენია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა რეჟიმის თამაშის წესებით შესაძლებელია. ამიტომაც, ეს არ არის არანაირი შანტაჟის ენა. ეს პირიქით, კიდევ ერთი მცდელობაა იმის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველა ადამიანმა, გააცნობიეროს, რომ დღეს არ არის არანაირი პარტიული ინტერესის დრო. დღეს არის მთავარი ამოცანა ამ ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პრინციპულები, თანმიმდევრულები და რაც მთავარია, უარი ვუთხრათ ნებისმიერ თანამშრომლობას რეჟიმთან“,- განაცხადა წითლიძემ.
რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, რას იტყოდა წითლიძე იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ გუნდს კვლავ არ შეუცვლია პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წითლიძემ დასძინა, რომ „არასერიოზულია, თუ გახარია ბერლინიდან აპირებს თბილისის გამოგლეჯას“.
„მე გავყოფდი გახარიასა და „ლელოს“ გუნდს. ჩემთვის ესენი ნამდვილად არ არიან ერთნი. გახარიას ჯერ ვუსურვებდი, რომ ჩამოყალიბდეს ჩამოდის თუ არ ჩამოდის. არ ვიცი, ბერლინიდან თუ აპირებს თბილისის გამოგლეჯას, ეს ცოტა არასერიოზული ამბავი იქნება“,- აღნიშნა წითლიძემ.
