ანა წითლიძე – მიუხედავად „რუსული ოცნების“ ყველანაირი მცდელობისა და საბოტაჟისა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, დღეს 1:0 არის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ

მიუხედავად „რუსული ოცნების” ყველანაირი მცდელობისა და საბოტაჟისა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, დღეს 1:0 არის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მოტივაცია, რომ 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვალოს.
“მინდა, საქართველოს მოქალაქეებს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მივულოცო. ეს ცალსახად არის ქართველი ხალხის გამარჯვება. მიუხედავად “რუსული ოცნების” ყველანაირი მცდელობისა და საბოტაჟისა, რომ ამ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, დღეს 1:0 არის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელებს, რომლებმაც საქართველო, რუსული ხელისუფლების პირობებშიც კი არ დატოვეს რუსეთთან პირისპირ. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატის სტატუსი არის ასევე ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს. კანდიდატის სტატუსის მიღება ასევე უნდა იყოს მოტივაცია საქართველოა მოქალაქეებისთვის, რომ 2024 წელს ჩვენ შევცვალოთ “რუსული ოცნება” და რაც შეიძლება მალე გავხადოთ საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი,” – განაცხადა წითლიძემ.
რაც შეეხება სტატუსის მინიჭების აღსანიშნად “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებას – როგორც წითლიძე აღნიშნავს, პრობლემას ვერ ხედავს და ის სახალხო ღონისძიებაზეც გეგმავს მისვლას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა.
მან ასევე პლენარულ სხდომათა დარბაზში დროშების განთავსების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ძალიან მდაბიო საქციელი იყო” “ქართული ოცნების” მხრიდან, როდესაც საქართველოს და ევროკავშირის დროშები მხოლოდ თავიანთ მხარეს დადეს და არა ოპოზიციის მხარეს.
“ამით კიდევ ერთხელ ანახეს, რას წარმოადგენენ,” – აღნიშნავს წითლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს