დღეს სასწორზე არის სამშობლოს ბედი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიის 2 ან 3 დეპუტატი საკრებულოში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია და მას ჩვენი არცერთი პარტნიორი არ აღიარებს და საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სანქცირებული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მყარია და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ პირობებში ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.
„ჩვენ არაერთხელ გვქონია დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის „ლელოსთანაც“ და მათ ჩვენი არგუმენტები გავაცანით. დისკუსიის ახლა გახსნა ამ თემაზე დაგვიანებულია. ოპოზიციას გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აქამდეც უნდა მიეღო. რეალურად ახალი არჩევნებისთვის მზადება იწყება არჩევნებიდან მეორე დღესვე, განსაკუთრებით ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების გათვალისწინებით. დისკუსიას წინ არაფერი უდგას, თუმცა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე ჩვენი პოზიცია არის მყარი. ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია რომელიმე პოლიტიკური პარტია მოემზადოს არჩევნებისთვის, მაშინაც კი პარტიები საერთო კანდიდატზე რომ იყვნენ შეთანხმებულები. მგონია, რომ ეს დისკუსია მხოლოდ დისკუსიისთვისაა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის დღეს სასწორზე. დღეს სასწორზე არის სამშობლოს ბედი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიის 2 ან 3 დეპუტატი საკრებულოში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია და მას არცერთი ჩვენი პარტნიორი არ აღიარებს და საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სანქცირებული ხელისუფლება“, – განაცხადა მან.
წითლიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური თამაშის განსხვავებული წესებით ითამაშონ, რადგან მისი თქმით, „ბიძინა ძლიერია, როდესაც თამაშობს საკუთარ მოედანზე, საკუთარი წესებით“.
„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ახლა საკადრო ცვლილებები განახორციელოს და ყველა სანქცირებული პირი მოიშოროს და ილუზია შექმნას, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებას აპირებს. ამ ფონზე ყველა იმ ადამიანთან, ვინც ფიქრობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ერთი კითხვა მექნებოდა: როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაწერს იმ შედეგს, რაც უნდა, ამის შემდეგ რის გაკეთებას აპირებენ? დღეს ბიძინა ივანიშვილს ეშინია 2 მნიშვნელოვანი რამის. ესენია: საერთაშორისო რეაქციები და სანქციები და ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობრივი მოძრაობა. ბიძინა ძლიერია, როდესაც თამაშობს საკუთარ მოედანზე, საკუთარი წესებით. სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში მას გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ბიძინა ივანიშვილის შემოყვანა ჩვენს მოედანზე და წინააღმდეგობის გაძლიერება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, წითლიძე მიიჩნევს, რომ „იოსელიანის გატაცება „ქართული ოცნების“ მოწყობილია, მიზანი კი პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრობაზე“ თავდასხმაა“.
„ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია არასდროს ჰქონია გატაცების შემთხვევებზე. ახლაც ისინი არ გამოიძიებენ და დამნაშავეები არ დაისჯებიან. თავად „ქართული ოცნება“ იყო იმის დამკვეთი, რაც კოტე იოსელიანის თავს მოხდა. მათ სამიზნეს წარმოადგენდა თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრობა“. მათი სამიზნე ვართ განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია იოსელიანთან დაკავშირებულ შემთხვევასთან „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს კავშირი და ეს უკავშირდებოდეს იმ ჯგუფებს, რომელთაც „ოცნებისთვის“ პოლიტიკური დარტყმის მიყენება სურთ, წითლიძემ აღნიშნა, რომ „ეს სრული სიგიჟეა“ და ერთადერთს, ვისაც აწყობდა მისი გატაცება, სწორედ „ქართული ოცნებაა“.
„ეს სრული სიგიჟეა, ჩვენ თავად გავიტაცეთ კოტე იოსელიანი? ერთადერთს, ვისაც აწყობდა მისი გატაცება, ეს არის „ქართული ოცნება“. ე.წ. „კანონმდებლები“ იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებდნენ ეს საქმე გამოიძიონ, პირიქით, გამოძიების ჩატარების გარეშე აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. საიდან იცის ზარქუამ, რომ ეს ტყუილია?“ – განაცხადა მან.
ანა წითლიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ წარდგენილ ანგარიშსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელმაც მაღალი ხელფასის გამო რუსულ რეჟიმს მიეყიდა და გაუგებარია, ჰყავს თუ არა ამ ქვეყანას საერთოდ სახალხო დამცველი.
„ლევან იოსელიანის გუშინდელი გამოსვლა და შემდეგ რეაქციები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ერთდროულად ორ სკამზე ვერ დაჯდები. როდესაც წულუკიანი და წილოსანი დაგცინიან, ეს არის ის ბედი, როდესაც მაღალი ხელფასის გამო რუსულ რეჟიმს მიეყიდები. აქ უცნაური არაფერი ყოფილა. ის, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, როგორც უავტორიტეტო პირს ისე უყურებს, ნათლად გამოჩნდა. ის, რომ ლევან იოსელიანი არის სახალხო დამცველი, ეს ამ ქვეყნის ცალკე ტრაგედიაა. სახალხო დამცველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს ადამიანის უფლებების დასაცავად, ლევან იოსელიანი კი სუსტად გამოიყურება წინა სახალხო დამცველებთან შედარებით. ქვეყანაში უბედურება ხდება, 500 ადამიანია ნაცემი და დაკავებული, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მეუღლე გაიტაცეს, ბაჩიაშვილი გაიტაცეს… ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა და ამ ქვეყანას სახალხო დამცველი რომ ჰყავს, საერთოდ არ ეტყობა“, – განაცხადა მან.
