ანა წითლიძე – ზუგდიდი და სამეგრელო ბოდიშს არასდროს მოუხდის მტერს და ოკუპანტს

საქართველომ და განსაკუთრებით, სამეგრელომ კარგად იცის 90-იანი წლები. ზუგდიდი და სამეგრელო ბოდიშს არასდროს მოუხდის მტერს და ოკუპანტს. 26 ოქტომბერს ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ძალიან ამაყად იტყვის თავის სათქმელს, იტყვის, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არ ღალატობს ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ბოლომდე უერთგულებს მას. ამიტომ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვებული ზუგდიდში, სამეგრელოში და სრულიად საქართველოში, – განაცხადა ზუგდიდის ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები.
“მოგესალმებით ჩემო საამაყო, ჩემო მშობლიურო ზუგდიდო და სრულიად სამეგრელო. დღეს მაქვს პატივი მოგესალმოთ სრულიად ევროპული ქალაქიდან ზუგდიდიდან და სამეგრელოდან, რომელიც ყოველთვის იყო ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს მთავარი ბურჯი და ამ ყველაზე ბურჯი ქალაქიდან მე მინდა, მივესალმო ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს სამეგრელო და სამეგრელოსაც განსაკუთრებულად უყვარს ის. ადამიანმა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა ზუგდიდისთვის და სამეგრელოსთვის. ადამიანმა, რომელმაც ააშენა ანაკლია, რომელმაც ააშენა განმუხური, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ანაკლიის პორტის იდეას, რომელმაც ბნელი 90-იანი წლების შემდეგ განვითარების რწმენა დაუბრუნა ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს. ადამიანი, რომელიც ახლა რუსული რეჟიმის ტყვეობის დროსაც ზრუნავს ზუგდიდზე და სამეგრელოზე, რადგან ის იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებს სჭირდებათ გადარჩენა და განვითარება და სწორედ მისი ინიციატივით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი პარტია, რომელიც საარჩევნო პროგრამაში იტყვის, რომ მეგრულ, სვანურ, ლაზურ და წოვა-თუშურს სჭირდება მხარდაჭერა და განვითარება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მინდა მივესალმოთ.
მე დავიბადე და გავიზარდე 90-იანი წლების ზუგდიდში და მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი იყო ზუგდიდი ამ პერიოდში. მახსოვს ჩემი თაობის ზუგდიდელები, რომლებიც გაექცნენ უშუქობას, სიღარიბეს, უიმედობას. მე მახსოვს დევნილები, ათი ათასობით დან დევნილი დღესაც ცხოვრობს ზუგდიდში და მე მინდა, დიდი სითბოთი და სიყვარულით მივესალმო მათ.
საქართველომ და განსაკუთრებით სამეგრელომ იცის 90-იანი წლები. ზუგდიდი და სამეგრელო ბოდიშს არასდროს მოუხდის მტერს და ოკუპანტს. ზუგდიდი და სამეგრელო არჩევს ვინ არის ოკუპანტი, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე.
26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ჩვენ ცხოვრება. სადაც გადაწყდება ქართული სახელმწიფოს არსებობის თუ არ არსებობის საკითხი.
გვინდა საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობით, ევროპული კეთილდღეობით, სადაც ბავშვებს არ შიათ, სადაც პენსიონერებს წამლების ყიდვის არ ეშინიათ, რომ ფული არ ეყოთ, სადაც ემიგრაციაში არ გარბის ხალხი, თუ საქართველო, რომელსაც მართავს ერთი შეშლილი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას მოსიარულე „ბუტკით“ ელაპარაკება? ზუგდიდს და სამეგრელოს არასოდეს არ შეშლიათ არჩევანი. 2012 წელსაც, როდესაც ოლიგარქი ხელისუფლებაში მოდიოდა, ჯერ კიდევ მაშინ ზუგდიდმა და სამეგრელომ უარი უთხრა ოლიგარქს. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ძალიან ამაყად იტყვის თავის სათქმელს, იტყვის, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არ ღალატობს ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ბოლომდე უერთგულებს მას. ამიტომ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვებული ზუგდიდში, სამეგრელოში და სრულიად საქართველოში, ” – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ