ანა წითლიძე – გუშინ, საზოგადოებამ შეშინებული ოლიგარქი იხილა – როდის ჩნდება ბიძინა ივანიშვილი? მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს

ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვემუქრა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა, თუმცა, თვითონ შეშინებული, კინოლოგების მიერ წინასწარ შემოწმებულ სცენაზე დაცვის 200 წევრის თანმხლებით ავიდა და ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „პირდაპირ თქვა, რომ მისი არჩევანი ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არასდროს ყოფილა“.
„უმრავლესობის წევრებს მინდა მოგმართოთ, ს გუშინდელი აღიარების შემდეგ, უფლება არ გაქვთ, საქართველოს და ევროკავშირის დროშები წინ გედოთ, რადგან იმაზე დიდი ფარისევლობა არ არის, რომ თქვენ ახლა წინ ევროკავშირის დროშები გედოთ. ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, სადაც რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და 2012 წელს, ერთადერთი დავალებით მოვიდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპული პერსპექტივა დააკარგვინოს. ვერც ერთი თქვენგანი, ვინც აქ ზის, გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როცა თავისუფალი, ერთიანი და ევროპული საქართველო გაიმარჯვებს, ვერ იტყვის, რომ რამე არ იცოდა და ვერ იტყვის ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ევროპულ მომავალს გვაკარგვინებს, რომ არაფერი იცოდით. გუშინ იქ იდექით და ტაშს უკრავდით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი პასუხისმგებლობაც არის ყველა ის განცხადება, რომელიც გუშინ რუსმა ოლიგარქმა გააკეთა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვემუქრა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა, თუმცა, თვითონ შეშინებული, კინოლოგების მიერ წინასწარ შემოწმებულ სცენაზე დაცვის 200 წევრის თანმხლებით ავიდა და ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა, პირდაპირ თქვა, რომ მისი არჩევანი არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა წითლიძემ.
მისივე განმარტებით, გუშინ, საზოგადოებამ „შეშინებული ოლიგარქი იხილა“.
„როდის ჩნდება ბიძინა ივანიშვილი? მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს და როცა ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს. მისი მმართველობის 12 წლის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი მაშინ ჩნდება, როცა ყველაზე ძალიან ეშინია და ახლა ეშინია ყველაზე მეტად. არც ერთი სიტყვა ოლიგარქს იმ პრობლემებზე არ უთქვამს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ემიგრაციაზე და იმაზე, რომ მისი მმართველობის პირობებში საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ეს ქვეყანა. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ არც ერთი დაპირება მას საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეუსრულებია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ მისი მმართველობის პირობებში ბავშვებს სკოლებში შიათ და ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გაიმეტა მათთვის ფული, რომ უფასო კვების პროგრამა განახორციელოს. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პენსიონერებზე, რომლებიც წამლებს ვერ ყიდულობენ, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს საბანკო ოლიგარქიაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ძარცვავს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავალზე და იმაზე, რომ რამე პრობლემას მაინც მოუგვარებს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ გამოვიდა და ისაუბრა ისევ შეთქმულების თეორიაზე, თქვა ღიად, რომ მისი არჩევანი არაევროპული საქართველოა.
გუშინ, რაც ვიხილეთ, შეშინებული ოლიგარქი იყო, რომელსაც ეშინია საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც თბილისის ქუჩებში დგანან და ძალიან კარგად იცის, რომ გუშინ მის მიერ გამოყვანილი ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით ძალით გამოიყვანეს და დადგნენ, მათი უმრავლესობაც ივანიშვილის მხარდამჭერი არ არის. გუშინ ივანიშვილი შეეცადა, საქართველოს მოქალაქეები შეეშინებინა, მაგრამ ყველაზე შეშინებული თვითონაა, რადგან იცის, რომ არასდროს ასე ნათელი არ ყოფილა მისი ზრახვები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. არასდროს ასე ნათელი არ ყოფილა ბრძოლა თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ზუსტად იცის, ისე დაასრულებს, როგორც დაასრულა იანუკოვიჩმა“, – განაცხადა წითლიძემ.