ორი წელია ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც გავლენას ახდენს ჩვენს მომგებიანობაზე – მომავალში ინფლაციის წნეხი შეიძლება გაიზარდოს, თუმცა 3%-იანი ნიშნული ის ნორმალური დონეა, რომელსაც ჩვენს მომგებიანობაში მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ ექნება, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე ეგზოგენური ფაქტორია, რომელიც სააგენტოს მომგებიანობაზე ახდენს გავლენას.
„ინფლაცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ეგზოგენური ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომგებიანობაზე. ბოლო ორი წელია ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენს მომგებიანობაზე. 2024 წელს რეალურმა ამონაგებმა 9,5% შეადგინა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მომავალს, ინფლაციის წნეხი შეიძლება გაიზარდოს, თუმცა 3%-იანი ნიშნული ის ნორმალური დონეა, რომელსაც ჩვენს მომგებიანობაში არ ექნება მნიშვნელობანი ნეგატიური გავლენა.
რაც შეეხება ადგილობრივ კაპიტალურ ბაზარს, აქაც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. შემსუბუქდა ჩვენი შეზღუდვა საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აქამდეც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში. მომავალში, ორი პუნქტით საკრედიტო რეიტინგის ობლიგაციების ყიდვა შეგვეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებში“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
ამასთან, როგორც ნაჭყებიამ საუბრისას აღნიშნა, სამი პორტფელიდან, გასულ წელს დინამიკური პორტფელი ლიდერობდა, რომლის ამონაგებმაც 13,6% შეადგინა.
„2024 წლის ბოლოსთვის ჩვენი აქტივების მოცულობამ 6,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის დაგენერირებული ამონაგები კი, 1,4 მილიარდი ლარი იყო. ამ 6 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ჩვენმა ამონაგებმა 9,9% შეადგინა. ასევე, კარგი იყო 2024 წლის ამონაგები. ნომინალურმა ამონაგებმა 11,6, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 9,5% შეადგინა.
როგორც იცით, ჩვენ სამ განსხვავებულ პორტფელს ვმართავთ – კონსერვატიული, დინამიკური და დაბალანსებული. 2024 წლის მონაცემებით, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. ამონაგებმაც 13,6 % შეადგინა, მაშინ როდესაც კონსერვატიული პორტფელის ამონაგები, 11,6% იყო. მთავარი სხვაობა ამ სამ პორტფელს შორის საერთაშორისო აქციების წილია. დინამიკურ პორფელში საერთაშორისო აქციების წილი, დაახლოებით, 50%-ია. ეს მაჩვენებელი კონსერვატიულ პორტფელში, დაახლოებით, 16% იყო.
როგორც იცით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ჩვენ 2024 წელი აქტივების რეალოკაციით დავიწყეთ. კანონის შესაბამისად, კონსერვატიული პორტფელი მთავარი პორტფელი გახდა ყველა მონაწილისთვის. შესაბამისად, აქტივების 99% ინვესტირებულია კონსერვატიულ პორტფელში. რაც შეეხება დანარჩენ ორ პორტფელს, აქ მონაწილეებს თავიანთი სურვილის მიხედვით შეუძლიათ გადავიდნენ დინამიკურ პორტფელში. ამ მიმართულებით ვხედავთ გარკვეულ დადებით დინამიკას. დაახლოებით 6 ნახევარი მილიონი ლარის გადატანა მოხდა მხოლოდ 2024 წელს, თუმცა დამეთანხმებით, ეს საკმარისი არ არის. ვინაიდან ამ ორი პორტფელის მთელი აქტივების ჯამური წილი ერთ პროცენტამდეა“, – აღნიშნა ნაჭყებიამ.
მისივე შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო პროდუქტები მრავალფეროვანი არ არის.
„ზოგადად, საქართველოში საინვესტიციო პროდუქტები მრავალფეროვანი არ არის. ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი ინვესტირებულია საბანკო პროდუქტებში და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად, ახალი აქტივის კლასის გაჩენა ძალიან კარგია. ეს არის ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციის, მაღალი ამონაგების საშუალება. მაგრამ კონკრეტული პროექტები და სექტორები ჯერ არ დაგვიიდენტიფიცირებია. ეს მოითხოვს საკმაოდ დეტალურ ანალიზს“, – აღნიშნა მან.
