ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლება უპირებს, რომ დოებითი რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით გაუშვას ახალგაზრდა ადამიანები ციხეში – მივმართავ კოლეგებს, დავდგეთ თავდებში და არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ს განცხადებით, მზად არის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში დაუდგეს.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათი საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, უნდა გათავისუფლდნენ.
„მინდა გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან. ამ ადამიანებს ხელისუფლება უპირებს, რომ 400 – ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, მრავალი წლით გაუშვას ეს ახალგაზრდა ადამიანები ციხეში. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, ეს ადამიანები უკვე მერამდენე თვეა არიან საპატიმრო დაწესებულებში. მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ პირადი თავდები ვიყო იმისა, რომ ეს ახალგაზრდები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან. ნუ არიან ისინი ხელისუფლების მიერ გამომწყვდეული საპატიმროში. სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით, მათი ციხეში ყოფნა, გავეცანი რა სამართლებრივ დოკუმენტებს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მზად ვარ, რომ პირადად თავდებში ჩავუდგე ამ ადამიანების გათავისუფლებას.
თხოვნით მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ჩემთან ერთად შეუპოვრად იბრძოდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მივმართავ ასევე საზოგადოებას, რომ დავდგეთ ამ ახალგაზრდების თავდებში და არ დავტოვოთ ისინი მარტო რეჟიმთან, რომელიც ცდილობს, რომ სამაგალითოდ დასაჯოს ისინი. ამ თვალსაზრისით ვხედავთ სერიოზულ უკანონო პროცესს, რომლის მომსწრე მე თავად გავხდი საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.