ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი შესაძლოა გახდეს იმ კონსენსუსის ჩამშლელი, რომელიც ევროკავშირში მწიფდება – „ოცნება“ აცდენილია საქართველოსთვის სასიკეთო რეალობას

„ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი შესაძლოა გახდეს იმ კონსენსუსის ჩამშლელი, რომელიც ევროკავშირში მწიფდება – განმარტონ, როგორ აღმოჩნდა, რომ მთელ ევროკავშირში მათი ერთადერთი მოკავშირე არის ის, ვინც საეჭვოდ დაახლოებული ჩანს რუსეთთან, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ორბანის პოზიციები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაც აისახება.
„იმედს ვიტოვებ, რომ პროცესი არ იქნება დაბლოკილი და ვეტო დადებული, რადგან ყველას კარგად გვესმის, თუ დაიბლოკება უკრაინის საკითხი, ასევე დაიბლოკება საქართველოს და მოლდოვის საკითხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს როცა ევროკავშირში არის სერიოზული კონსენსუსის მომწიფების რეალური შანსი, არ მოხდეს ამ კონსენსუსის საბოტირება. მთელ ამ პროცესში როგორც ორბანი იქცევა, ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე სჯეროდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის, რომ მათ სწორად შერჩეული მოკავშირე ჰყავდათ ორბანის სახით ევროკავშირში. ევროკავშირის არაერთი ქვეყნის დედაქალაქისთვის ორბანი არის სერიოზული პრობლემა, ხოლო მხოლოდ მასთან დამეგობრებული „ქართული ოცნება“ აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოსთვის იქნებოდა სასიკეთო. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს რეალობა, როცა „ქართული ოცნების“ მეგობარი და მოკავშირე ორბანი შესაძლოა გახდეს იმ კონსენსუსის ჩამშლელი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის, საზოგადოების შრომის და ბრძოლის ფასად ევროკავშირში მწიფდება. განმარტონ, როგორ აღმოჩნდა, რომ მთელ ევროკავშირში მათი ერთადერთი მოკავშირე არის ის, ვინც საეჭვოდ დაახლოებულო ჩანს რუსეთთან და ძალიან მძიმე ბლოკირების გადაწყვეტილების ადვოკატია ევროკავშირში”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოღებას ითხოვს და ევროპულო საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიონ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.