ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ ნიღაბს იხსნის და ნიღბის უკან ძალიან მკაფიოდ ჩანს რუსეთი და რუსული „ბესპრიდელი“

ნიღბის უკან ძალიან მკაფიოდ ჩანს და რუსული „ბესპრიდელი“, რომელიც რუსეთში კარგად იციან, რა არის – „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთი დაჭერილი ჰყავთ კომპრომატებით, რომლითაც ერთმანეთს აიძულებენ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და მას ამისთვის პასუხისგება მოუწევს. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, პასუხისგებას ვერც დავალებების შემსრულებელი პირები გაექცევიან.
„ამ ნიღბის უკან ძალიან ცალსახად, მკაფიოდ ჩანას რუსეთი და რუსული Беспридель-ი, რომელიც რუსეთში კარგად იციან, რა არის. ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, ქართულად განუკითხაობა არის, მაგრამ არ აღწერს, რადგან რუსული ფენომენია. ამ ნიღბის უკან ჩანს რუსეთი და ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ძალიან დიდი ხანია ამას ვამბობთ.
ძალადობის ყველა ამ ფაქტზე როგორც გახარიაზე თავდასხმაზე, როგორც ზვიად ქორიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და მას ამ ყველაფრისთვის მოუწევს წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერზე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ იქნება გამოყენებული, როგორც ალიბი, მომავალში ბრძანებების შემსრულებლებმა თქვან, რომ „ის კაცი გვავალებდა და ჩვენ ვასრულებდითო“. ყველას პერსონალურად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებისთვის, რომელსაც ჩადიან და იმ მთავარი დანაშაულისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს ქვეყნის ღალატის სახით,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის არალეგიტიმური რეჟიმი და მათ ახლა მძიმე აგონიის ფაზა აქვთ.
ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არა პარტია, არამედ ძალადობრივი დანაშაულებრივი სინდიკატია და მისი წევრები ერთმანეთთან შეკავშირებულები არიან არა რაიმე პოლიტიკური იდეით, არამედ ერთმანეთის თაობაზე კომპრომატებით.
„არც ერთი აღიარება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. პირიქით, ისინი დღეს დემოკრატიულ სამყაროში მონიშნული არიან როგორც ძალადობრივი, დანაშაულებრივი, არალეგიტიმური რეჟიმი. ამის გამო მათ აქვთ აგონია. ჩვენ რომ ვუყურებთ ამ საშინელ თავდასხმებს, გვახსენდება, რომ ეს ის ხალხია, რომელიც ერთმანეთსაც ესხმის თავს და მერე ზოგი მხრის მოტეხილობით და ზოგი თავის ტკივილით მიდის ხოლმე კლინიკებში. მათ აქვთ აგონია, იმიტომ, რომ ისინი დაიწყებენ შიგნით განტევების ვაცის ძიებას, როგორც ეს ახასიათებს ხროვას. მინდა ვუთხრა მათ, ვისაც ჰგონია, რომ ამ ხროვის ლიდერია და თავი უსაფრთხოდ მიაჩნია, შეხედეთ, თქვენც შეიძლება ძალიან მალე იგივე დაგემართოთ. „ქართული ოცნება“ არ არის დღეს პარტია, ეს არის ძალადობრივი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც რაიმე პოლიტიკური იდეით კი არა, არამედ ერთმანეთის თაობაზე კომპრომატებმა შეაკავშირა. ერთმანეთი ჰყავთ დაჭერილი და ამ კომპრომატებით ერთმანეთს აიძულებენ ჩაიდინონ კიდევ უფრო მძიმე დანაშაული. ეს დანაშაულებრივი სინდიკატი დამარცხდება, იმიტომ, რომ ყველა ინდიკატორია იმისა, რომ ის თავს ვეღარ შეინარჩუნებს და რაც უფრო მეტ ძალადობას ჩაიდენენ დამარცხებამდე, მით უფრო მძიმე იქნება პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულს დაეკისრება,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის უკანონო პატიმარია და მისი საპატიმროში ყოფნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის გისოსებს მიღმა ყოფნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გისოსებს მიღმა მოათავსა თავისუფალი და კრიტიკული მედია.
„ყველაფერი, რაც ამაღლობელისა და „ბათუმელების“ თავს ხდება, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთ მედიასაშუალების პრობლემა, თუ მათ მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორება. მზია ამაღლობელის გისოსებს მიღმა ყოფნა დღეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გისოსებს მიღმა მოათავსა თავისუფალი და კრიტიკული მედია. ფიზიკურად რომ მხოლოდ მზია ამაღლობელი ზის ციხეში, არ ნიშნავს, რომ ეს არ არის შეტევა ყველა მედიასაშუალებაზე, ჟურნალისტზე, პროდიუსერზე, ოპერატორზე და მედიაში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანზე, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება მედიის როლს, რაც არის საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე დგომა. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა. ენციკლოპედიური მაგალითი გახდება მზია ამაღლობელის საქმე,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს – მას ს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.