დღეს აქ უნდა იდგეს პრემიერ-მინისტრი და ანგარიშს აბარებდეს საზოგადოებას, რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ შოვის უმძიმესი მოვლენის შედეგად. მთავრობა უნდა გაბარებდეთ დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, რაში დახარჯეს ეს წელი, რა ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ დღეს საქართველო აღჭურვილი იყოს პრევენციის/გაფრთხილების, კოორდინაციის და რეაგირების გამართული სისტემით, რათა, მსგავსი მოვლენის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ქვეყანამ შეძლოს თავიდან აიცილოს მასშტაბური ადამიანური მსხვერპლი. ბუნებრივ მოვლენებს ვერ შეაჩერებ, მაგრამ რისი შემცირება ან სრულად თავიდან აცილებაც, თანამედროვე ტექნოლოგიების და სისტემების პირობებში არის შესაძლებელი, ეს არის ადამიანური მსხვერპლი,- ამის შესახებ „პარტია“ ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით არსებითად არაფერი შეცვლილა და აცხადებს, რომ კვლავ არ არსებობს, გამართული სისტემა, რომელიც იმავე ან მსგავსი ბუნებრივი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაგვაზღვევს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის განმეორებისგან.
„მთელი წლის განმავლობაში არც წინა, არც მოქმედ პრემიერს არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ საზოგადოებასთან გულწრფელად და საქმიანად ესაუბრა ამ თემაზე. იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ასეთი სისტემის შესაქმნელად და რას აკეთებს თავად.
იმედია, დღეს მაინც, ის კვლავ გადარჩენილების წინააღმდეგ საუბრით არ გამოიჩენს თავს.
ამ ხნის განმავლობაში, როგორც საზოგადოებას დავპირდი, მე შევეცადე, საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებით, განმეხორციელებინა ზედამხედველობა იმაზე, თუ რას აკეთებდა სახელმწიფო შოვის კატასტროფის შემდეგ. თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო ამ მოკვლევის შედეგები დღეის მდგომარეობით:
შედეგები კი ასეთია:
ნულოვანი პასუხისმგებლობა: მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არაერთი ჩავარდნა როგორც პრევენციის, ისე რეაგირების კუთხით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, არათუ სისხლის სამართლის წესით, დისციპლინური პასუხისმგებლობაც კი არავის დაუკისრებია, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია ვინმეს.
მიუკერძოებელი და სრულყოფილი შეფასების არარსებობა: არ მომხდარა განვითარებული პროცესების და მასზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობის და ეფექტურობის მიუკერძოებელი და სრულყოფილი შეფასება, არც საპარლამენტო ფორმატში, არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიება მიმდინარეობს არასრულყოფილად, არასათანადო კვალიფიკაციით.
მას აწარმოებს ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ძებნა-შველის ოპერაციაზე.
არცერთ ადამიანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
მომავალი ტრაგედიების თავიდან აცილებაზე ორიენტირებული სათანადო ხედვის და ქმედებების არარსებობა: მსგავსი შეფასების განხორციელების გარეშე, შეუძლებელი იქნება სწორი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი მოვლენების დროს სწორი მოქმედება, რათა მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული.
ინფორმაციის დამალვა/არარსებობა.
ძებნა-შველის ოპერაციის მიმდინარეობისას, მედიის არაერთ წარმომადგენელს (კრიტიკული მედიის) შეექმნა დაბრკოლება ინფორმაციის მიღება-გავრცელებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ჩემს მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებს, (ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს მიერ გაგზავნილ 77 კითხვა), სისტემური ხასიათი აქვს პასუხების გაცემისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევას, პასუხის არგაცემას, პასუხის არასრულყოფილად გაცემას. რიგ შემთხვევაში, მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ ობიექტურ რეალობას, რაც ადგილზე ხდებოდა.
არ მოიპოვება (არ არის ხელმისაწვდომი) უმნიშვნელოვანესი მასალები (როგორც გაცემული პასუხებიდან ჩანს, არ ხდებოდა მათი წარმოება/შენახვა), რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სურათის სრულად აღსადგენად და იმის შესაფასებლად, სად იყო სახელმწიფოს მოქმედებები დროული და სწორი, და სად იყო – კატასტროფული ჩავარდნა.
ანგარიშვალდებულების არარსებობა საზოგადოების მიმართ. არ არსებობს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის, ინსტიტუციური პრაქტიკის, რეგულაციების თუ სხვა მიმართულებით.
ჩემს მიერ განხორციელებული საპარლამენტო ზედამხედველობა აჩვენებს, რომ სახელმწიფო სიმართლეს შოვთან დაკავშირებით არ ეძიებს, არ შეისწავლა და გამოიძია საქმე. პირიქით, დაკავებულია იმით, რომ დაგვარწმუნოს, რომ ამოდენა მსხვერპლი არავისი პასუხისმგებლობა არ არის.
რაც შეეხება მომავალს – მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ნაბიჯები გადაიდგა რამდენიმე უწყების მხრიდან, ეს მოქმედებები საგამონაკლისო სახეს ატარებს.
საერთო სურათი კი ასეთია: დღეის მდგომარეობით არსებითად არაფერი შეცვლილა, კვლავ არ არსებობს, გამართული სისტემა, რომელიც იმავე ან მსგავსი ბუნებრივი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაგვაზღვევს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის განმეორებისგან“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.