ჩვენ სასამართლოში გუშინაც ვაჩვენეთ, ასევე, დღეს და ხვალაც ვაჩვენებთ, რამდენად უსუსურია „ქართული ოცნების“ „არგუმენტები“ – ამ საკითხში მთავარი მსაჯულები არიან საქართველოს მოქალაქეები, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს.
მისივე თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ რუსული კანონებით და რეპრესიული სისტემის ქვეშ ცხოვრება, მაშინ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება უნდა გამოიყენონ და 26 ოქტომბერს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
„საზოგადოებას ახსოვს, რომ მთელი თვეების განმავლობაში, საპარლამენტო განხილვების დროს „ქართული ოცნება“ სრულიად დაუსაბუთებლად ამბობდა, რომ ჩვენ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას თითქოს სამართლებრივი არგუმენტები არ გვქონდა. ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინ სასამართლოში ჰქონდათ, არის ის, რომ თურმე „უცხო“ ცუდი სიტყვა არ არის. აი, ამ დონის სამართლებრივი არგუმენტით არის წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და ამ დონის სამართლებრივი არგუმენტით იყო წარმოდგენილი სამართლებრივი განხილვების დროსაც, რომ „უცხო“ არ არის ცუდი სიტყვა, აქ იწყება და აქ მთავრდება მათი არგუმენტები და ეს გუშინ სასამართლო პროცესზე ძალიან კარგად გამოჩნდა.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მას, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს რუსული კანონებით და რეპრესიული სისტემის ქვეშ, მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება უნდა გამოიყენონ. ეს არის არჩევნებში ხმის მიცემა.
საბოლოო ვერდიქტი მოქალაქეებმა უნდა გამოიტანონ. საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. ჩვენ სასამართლოში გუშინაც ვაჩვენეთ, ასევე, დღეს და ხვალაც ვაჩვენებთ, რამდენად უსუსურია „ქართული ოცნების“ „არგუმენტები“. ამ საკითხში მთავარი მსაჯულები არიან საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.