ანა ნაცვლიშვილი – პრეზიდენტის შემოთავაზებულ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფორმატში ვიქნებით, „ლელო“ მზად არის ყველას ხედვა მოისმინოს – ხელისუფლების გზა არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს შეფასებით, „ლელოსთვის“ მისაღებია ყველა ინიციატივა და ყველა პლატფორმა, სადაც ევროპულ რეფორმაზე და საქმის კეთებაზე იქნება საუბარი.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პრეზიდენტ ს დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომელიც გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ რაიმეს გაზიარება და კონსენსუსი შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმატი „ლელოსთვის“ ღირებული იქნება.
„ჩვენ ყველა ფორმატში ვიყავით, სადაც დავინახეთ, თუნდაც მცირე შანსი, რომ წინ წასულიყო საქართველოს ევროპული საქმე და ამ ფორმატშიც ვიქნებით. რა თქმა უნდა, სიცხადე, კონკრეტიკა სჭირდება. ვფიქრობთ, შეხვედრების დროს მეტს მოვისმენთ პრეზიდენტის პერსპექტივას, ის როგორ ხედავს ამას. ბუნებრივია, საპარლამენტო ტრიბუნიდან ამ ყველაფერზე დღეს ვერ ისაუბრებდა, თუმცა, მას აქვს სურვილი, რომ მეტი კონკრეტიკა შესძინოს. ჩვენ ღია ვართ და გვაქვს ჩვენი ხედვა 9 რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. იცით, რომ დეტალური გეგმა „ლელომ“ წარადგინა. ჩვენ მზად ვართ ყველას ხედვა მოვისმინოთ და მზად ვართ ასევე კონსენსუსისთვის”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების დღევანდელი გზა „არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“ და საქართველოს მოქალაქეებს გამოადგებათ“.
მისი შეფასებით, დღეს პრეზიდენტს ჰქონდა ძლიერი და ძალიან ზუსტი გზავნილები, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„პრეზიდენტმა სახელი დაარქვა იმ მიზეზებს, რის გამოც ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ფაქტობრივად, ამხილა ძალაუფლების ის მახინჯი სისტემა, რომელიც თუ არ შეიცვალა, რამდენი პრემიერიც არ უნდა გამოიცვალოს ან რამდენი პაიკიც არ უნდა გადაადგილდეს საჭადრაკო დაფაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებითად ქვეყანა არ შეიცვლება და არ შეიცვლება ის ვითარება, როდესაც ათასობით ადამიანი იძულებულია, რომ თავისი სამშობლო დატოვოს, რათა ფიზიკურად და ეკონომიკურად თავი გადაირჩინოს. რაც ყველაზე მთავარია, მან ამ მანკიერი, მახინჯი სისტემის ცენტრში დაასახელა სწორედ ის, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას და ვინც არის პასუხისმგებელი მთელი ამ წლების განმავლობაში იმაზე, როგორ თანდათან მოიპარეს და ჯიბეში ჩაიდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი, კონსტიტუცია და ა.შ. სანამ რუსი ოლიგარქი დგას ძალაუფლებრივი უფლების ცენტრში და მისი პარტია მართავს ქვეყანას, არანაირი ევროპული მომავალი არ იქნება, ეს პირდაპირ თქვა პრეზიდენტმა“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ რუსეთთან დაახლოებით და ანტიევროპული განცხადებებით.
„პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივ საკითხებზე ძალიან მძიმე კითხვები დასვა, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხები მოითხოვა. ეს პასუხები „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ამიტომ, რომ შექმნას ილუზია, დუმილი კი არ არის იქიდან პასუხი. დიახ, ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ საქართველოში, მაგრამ ამას ხომ ვერ იტყვიან. ამიტომ, ახლა ქმნიან თავდასხმების ქარბორბალას, წინაპრებზე, შთამომავლებზე, პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, რომ საინფორმაციო სივრცე გააჯერონ“,-განმარტა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.