„ოფშორების კანონით“ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის დაკვეთით გადააქციოს „შავი“, კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ – ეს ადასტურებს, რომ ისევე როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტის უმრავლესობაც გადაქცეულია ერთი რუსული ოლიგარქის და რუსული ინტერესების სწრაფად მომსახურების სააგენტოდ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის არანაკლებ მძიმე დარტყმა, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ამ თითოეული მოქალაქის მომავალს მიაყენა.
„ეს კანონი პირდაპირ გაუხსნის გზას საქართველოში კრიმინალური, „შავი“ ფულის და კაპიტალის გადმოსვლას „ოფშორებიდან“. ცინიზმიც აღარ არის უკვე, რომ გამჭვირვალობის დროშის ქვეშ დადგმული სპექტაკლის დროს, „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ისედაც გამჭვირვალე სექტორის გამჭვირვალობაზე ჰქონდა გამართული მთელი დეზინფორმაციული კამპანია, ამ დროს ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე სივრციდან – „ოფშორებიდან“ საქართველოში ფულის შემოსვლას და გარეცხვას შექმნა კონკრეტული კანონპროექტი. ეს ადასტურებს, რომ ისევე როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტის უმრავლესობაც გადაქცეულია ერთი რუსული ოლიგარქის და რუსული ინტერესების სწრაფად მომსახურების სააგენტოდ, ეს არ არის ის, რასაც ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, კონკრეტულად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია მუხლობრივ განხილვაში, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს.
„ქართულ ოცნებას“ რჩება ძალიან ცოტა დრო, რომ შეისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა და გაიწვიოს „რუსული კანონი“ უკან. ფაქტი არის ნათელი, რომ ხელისუფლება, რომელიც ღიად არის ჩამდგარი ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში, ვერ იქნება ქართველი ხალხის ხელისუფალი და ეს გაფორმდება არჩევნების გზით, როდესაც ხალხი გაუშვებს რუსულ ხელისუფლებას და მოიყვანს ხელისუფლებას, რომელიც დაექვემდებარება და აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას, გადადგას 9 ნაბიჯი, გაატაროს ყველა ის ზომა, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია მოითხოვს და რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს აუცილებლად მოხდება. ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რამდენად მკაფიოა ქართველი ხალხის ნება და განაცხადი, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს რუსული ინტერესების გამტარი ხელისუფალი, ის ძალიან მწარედ ცდება, ცვლილება გარდაუვალია. ქართველი ხალი იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც მის ხმას გაიგონებს, რომელიც მის ნებას დაემორჩილება და წაიყვანს ამ ქვეყანას იქ, სადაც არის საქართველოს დამსახურებული ადგილი.
მთავარი გზავნილი არის, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს „რუსული კანონი“! ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ „რუსული კანონით“ საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. „რუსული კანონი“ არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოს ევროპულ გზაზე, ამიტომ კანონი უნდა იყოს გაწვეული და ასევე, იცით, რომ ამ წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, საქართველოს დაეწყო წევრობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. „რუსული კანონის“ და რუსული ხელისუფლების პირობებში, მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ ხალხმა უთხრა არა „რუსულ კანონს“ და ასევე, ეტყვის არას რუსულ ხელისუფლებას, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ბრძოლით, შრომით და ძალიან მძიმე ფასად აქამდე მიღებული სტატუსი და გარანტირებული გავხადოთ საქართველოს წევრობა ევროკავშირში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.