როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გამოეხმაურა, სადაც მან „ლელოს“ საქმიანობას „ჩიხუახუას სინდრომი“ უწოდა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა.
„ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი შეწუხებული და შეშფოთებულია „ლელოთი“, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს. დიახ, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა, დადო ნამუშევარი, კონკრეტული ხედვები. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნება“ ვამხილეთ იმაში, რომ ასე უნდა საქმის კეთება და არა უსაგნო და უშინაარსო პროცესების შექმნა, რომლის შედეგებიც, ჯერჯერობით, საზოგადოებამ რეფორმების სახით ვერ ნახა. ეს ადასტურებს იმას, რომ რამდენია დეპუტატი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხარისხს, ინტელექტს და ძალას აქვს მნიშვნელობა. მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ არის მთავარი კონკურენტი და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები, ჩვენ ეს მხოლოდ გვახარებს.
რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო გეგმებს, ამ ეტაპზე, რაიმე ტიპის კონკრეტული მოლაპარაკებები ჯგუფებთან არ მიდის, თუმცა „ლელოს“ რიგები საინტერესო ადამიანებით ძლიერდება. იქმნება ახალი პარტიული ორგანიზაციები. „ლელომ“ დადო საკუთარი ხედვები სახელმწიფოებრიობის მოწყობის პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ღია ვართ ამ ხედვების ირგვლივ შედგეს ფართო კონსენსუსი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენი მესაჭეც არ უნდა შეცვალონ ამ გემზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათი გემი მიდის რუსული მიმართულებით და ეს არის უცვლელი. ქართველი ხალხის დაკვეთაა არა ხელისუფლების შიგნით ცვლილება, არამედ ხელისუფლების ცვლილებაა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლელო „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, რადგნა ის საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.