ძალიან გინდათ, რომ ისტორიამ კონსტიტუციის ავტორად დაგიმახსოვროთ, მაგრამ “რუსული კანონის” ავტორად დაგიმახსოვრებენ, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.
მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში არაფერია სიახლე და ლოგიკურია, რომ საზოგადოებას ასეთ პრემიერის მიმართ უნდობლობა ჰქონდეს.
„ალბათ, საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი გულისყურით გისმენდნენ, რომ რაიმე ახალი და საიმედო მოესმინათ. მესამე თუ მეოთხე პრემიერი არის შეცვლილი და იგივე სამთავრობო პროგრამით მოდიხართ, ვერაფერს ახალს ვერ ეუბნებით მოქალაქეებს. რაც მთავარია, რომ ჩამოგიწიკწიკებიათ, გავაკეთებთ, გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ, ეს 12 წელი რამ შეგიშალათ ხელი? თუ 12 წელი ვერ და არ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ახლა საქართველოს მოქალაქეებმა რატომ უნდა დაგიჯერონ? რატომ უნდა გამოგიცხადონ ნდობა, რომ ახლა გააკეთებთ რამეს? ველოდი, რომ თქვენს სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრებდით, როგორ მოაგვარებთ იმ უმწვავეს პრობლემებს, რომელთა წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დააყენა თქვენმა ხელისუფლებამ და ამის მაგივრად, საათებია ვისმინეთ „ლელოს“ პროგრამის და „ლელოს“ ხედვების განხილვას თქვენი მხრიდან. ძალიან კარგია, რომ ჩვენს ხედვებს ეცნობით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია იქნება რადიკალური, როდესაც ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს.
„დიახ, ჩვენ ვიქნებით რადიკალები, როდესაც ქვეყანას საფრთხე ემუქრება და ქართული მიწა უკონტროლოდ იყიდება ოკუპანტებზე. დიახ, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში შემოდიან და ჩვენს ქვეყანას ეპატრონებიან, აქ იწყობენ ბიზნესებს, ცხოვრობენ კომფორტულად თქვენი ხელშეწყობით. კი, ვიქნებით რადიკალები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე გელათის სამონასტრო კომპლექტის რესტავრაციაზეც ისაუბრა და ხელისუფლება პროცესების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
„რას თვლით გამარჯვებად? დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? ალბათ, დავით აღმაშენებლის სული ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავს. ვის ხელშია ეს ქვეყანა და როგორი ხელისუფლება ჰყავს. ეს არ არის გამარჯვება. ახლა კულტურის მინისტრს შეუძლია ძალიან ბევრი პერსონალური თავდასხმები თუ სხვა ოინბაზობები მოიხმოს, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს, მაგრამ ვერც თქვენ და ვერც თქვენი ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ისტორიის წინაშე იმის გამო, რაც გელათს დამართეთ. მე-12 წელია ხელისუფლებაში ხართ, რა ვერ შეძელით, რა ვერ გადახურეთ“, – მიმართა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას.