იმედია, ორბანი ვერ შეძლებს გაფართოებისთვის ვეტოს დადებას – „ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს, ორბანის ხელით, პუტინის რუსეთი უშლის.
“მე იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას ექნებათ კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის პირი, ვისი ხელითაც შესაძლოა მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის. თუ ვინმე ერკვევა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის, გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. სამწუხაროა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს უშლის პუტინის რუსეთი,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.